მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზონალური K2 კოეფიციენტის ₾7.2 მლნ-ის დავალიანებები 2029 წლამდე გადავადდება - კანონპროექტი

მშენებლობა

"ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს იმ მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას, რომლებზეც წარსულში K2 კოეფიციენტების გაზრდის შეთანხმება გაფორმდა, თუმცა ამ მშენებლობების მიერ მათი გადახდა დღემდე არ მომხდარა. საუბარია თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ 7.2-მილიონიან დავალიანებაზე, რომელიც გადავადდება.

ინიციატივის მიხედვით, სამშენებლო კომპანიებს და პირებს, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრამდე ვერ მოახერხეს მოსაკრებლის სრულად გადახდა ან ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, დამატებითი ვადა მიეცემათ — 2028 წლის 31 დეკემბრამდე, რათა მათ შეძლონ თანხის გადახდა განაწილებული გრაფიკის მიხედვით და მშენებლობების დასრულება.

ცვლილება შეეხება იმ პირებსაც, რომლებმაც უკვე მიიღეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმება 2017 წლის 1 ივნისამდე. თბილისის მასშტაბით ამჟამად დაახლოებით 10 ობიექტია, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო მოსაკრებლის ჯამური ოდენობა დაახლოებით 7.2 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინიციატივა მიზნად ისახავს დაუმთავრებელი მშენებლობების რისკის შემცირებას და სამშენებლო სექტორის სტაბილიზაციას. ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ბიუჯეტში დაგეგმილი თანხები ეტაპობრივად, ნაცვლად იმისა, რომ დავების დასრულებას ელოდონ.

„კანონპროექტის მიღებით მოსალოდნელია, რომ დეველოპერები შეძლებენ მშენებლობების დროულად დასრულებას და არსებული დავების რეჟიმიდან გამოვლენ,“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და რიმა ბერაძე.

ინიციატორების თქმით, კანონის მიღება ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორის აქტიურობას და თავიდან აიცილებს იმ შემთხვევებს, როცა პროექტები დაუმთავრებელ ობიექტებად რჩება - რაც, მათი შეფასებით, ქალაქის ურბანულ განვითარებას და ეკონომიკურ დინამიკას აფერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები