მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზრდა გვაქვს როგორც პორტფელის, ასევე მოგების მიმართულებით" - როგორ ვითარდება "კრისტალი"

კრისტალი

მიკრობანკ „კრისტალში“ აცხადებენ, რომ ბოლო ერთ წელში მათი საკრედიტო პორტფელი 8%-ის ფარგლებში გაიზარდა.

როგორც „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ BMG-ის განუცხადა, ძირითადად მოთხოვნა მიკრო და აგრო სესხებზე ფიქსირდება.

მისივე თქმით, მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამ „კრისტალს“ საშუალება მისცა, დეპოზიტები მიეღო, რამაც თავის მხრივ საფინანსო ორგანიზაციის დაფინანსება უფრო დივერსიფიცირებული გახადა.

“ჩვენ მიკრობანკის ლიცენზია მივიღეთ შარშან თებერვალში, ხოლო რეალურად როგორც მიკრობანკი გასული წლის ივნისში ავმოქმედდით. დადებითი ტენდენციები შეინიშნება. ეს ტენდენციები ძირითადად არის არა მხოლოდ სასესხო პორტფელის ზრდაში, წლიდან წლამდე 8% არის ზრდა დაახლოებით, ამასთან ერთად მოგებიანობაშიც. ჩვენი მოგებიანობა, ამონაგები კაპიტალზე აპრილის მონაცემებით, არის დაახლოებით 15.5%. მომხმარებლების რაოდენობა შენარჩუნებულია. ძირითადად მოთხოვნა ფიქსირდება მიკრო სესხებზე, ბიზნეს სესხებზე და აგრო მიმართულებაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, შეინიშნება ზრდა განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში.

გლობალურად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, შეინიშნება ბაზარზე ტენდენციები გაძვირებისკენ, ეს განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სესხებს ეხება. თუმცა ლართან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ მყარი არის დაფინანსების ფასი, როგორც ბაზრიდან მოზიდული, აგრეთვე გაცემული სესხების ფასები. თუ არ ჩავთვლით ინფლაციურ მოლოდინებს, რომელიც არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მაინც ცვალებად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების ოდენობა მცირე გვაქვს, ამან ფაქტობრივად ჩვენს კლიენტებზე არ იმოქმედა.

ამავდროულად მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითონ ლარში მოზიდული სახსრებიც. შესაბამისად, ჰეჯირების საჭიროება მცირდება, რომელიც გვჭირდებოდა უფრო აქტიურად, როდესაც იზიდავდი უცხოურ ვალუტაში და აწვდიდი შემდეგ პროდუქტს. მათ შორის, მიკრობანკის ლიცენზიამ მოგვცა, რა თქმა უნდა, საშუალება ადგილობრივად მოგვეზიდა დეპოზიტების პორტფელი ლარში. აგრეთვე უცხოური ფონდებიც ლარში სულ უფრო და უფრო მეტ დაფინანსებას გასცემენ, გამომდინარე იქიდან, რომ სიმყარით ხასიათდება თვითონ ვალუტა და მოგებიანობაც. ამ ეტაპზე ადგილობრივად მოზიდული სახსრები ჩვენი დაფინანსების სტრუქტურაში უკვე 11%-ს შეადგენს, რაც ერთი წლის შედეგისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია”, - განაცხადა ილია რევიამ.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საფინანსო ბაზარზე ორი მიკრობანკია “ემბისი” და “კრისტალი”. 2026 წლის 4 თვეში ორი მიკრობანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 7.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. “კრისტალმა” მიმდინარე წლის ოთხი თვე ₾5.9 მილიონი ლარის მოგებით დახურა, ხოლო “ემბისიმ “ 1.2 მილიონი ლარის მოგება აჩვენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები