მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მანქანების საწვავით გამართვა სავარაუდოდ, პირადი მიზნებისათვისაც ხდებოდა - აუდიტი

5e46ee4219a30
თამთა ჯიჯავაძე
14.02.20 23:20
1405
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში მსუბუქ ავტომანქანებზე დახარჯა 351.6 ტონა საწვავი. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 188.5 ტონა საწვავი (54%), - ამის შესახებ საუბარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

„აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მერი და გამგებელი საწვავს ხარჯავდნენ როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული განპიროვნებული ავტომანქანებისათვის, ასევე პირად საკუთრებაში არსებული ტრანსპორტისათვის. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ავტომანქანებზე გაცემულია 25.8 ტონა საწვავი, ხოლო პირად სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიერ გახარჯულია დამატებით 2.9 ტონა საწვავი.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია სავარაუდოდ არაავტორიზებული ავტომანქანებისათვის. კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა”, - წერია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტს 2017-2018 წლებში არ მიუღია სამართლებრივი აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე და ამასთანავე, დაარღვია სამორიგეო ავტომანქანების რეკომენდებული რიცხოვნობა.

ცხრილში ნაჩვენებია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამორიგეო ავტომანქანების ფაქტობრივი და რეკომენდებული რაოდენობა, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე: როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, ხარვეზი, ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისა და თანამდებობის პირების მიერ კერძო ავტომობილებზე დახარჯული საწვავის შესახებ, დაფიქსირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა აუდიტის ანგარიშშიც. „მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) გამოვლენილი გარემოება არ გამოუსწორებია. ამდენად, მუნიციპალიტეტმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერგამოვლენილ და აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებაზე“, - წერია ანგარიშში.

შესაბამისად, აუდიტის სამსახურის დასკვნით, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა, მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, კერძოდ:

„მუნიციპალიტეტს საანგარიშო პერიოდში არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 2-ჯერ აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები