ზუგდიდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. როგორც bm.ge-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და "ევექსის" კლინიკაში შეუძლიათ.
ვაქცინაციის მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, თავის მოადგილე ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
„ვაქცინაცია ჩვენს რეგიონში დღეს ზუგდიდიდან დავიწყეთ. რეგიონში ჩამოვიდა 3100 დოზა, თითოეული ვაქცინა უკვე გადანაწილებულია მუნიციპალიტეტებში და 18 მარტიდან უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაწყებული იქნება. ყველა ამცრელი კაბინეტის მედპერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები და ყველა მუნიციპალიტეტი მზადაა აცრების ჩასატარებლად. მოვუწოდებ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, გაიარონ რეგისტრაცია და აიცრან“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. 15 მარტს ვაქცინაცია ზუგდიდში "ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში დაიწყება, ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში - 17 მარტს. 18 მარტს ვაქცინაცია ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობშიც დაიწყება.
ინფორმაციისთვის: ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.




























