თანამედროვე საცალო ბიზნესში საწყობის ეფექტიანი მართვა მხოლოდ ოპერაციული ამოცანა აღარ არის, ის პირდაპირ აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე, მარაგების სიზუსტესა და კომპანიის ზრდის ტემპზე. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, ბიდიო დიჯითალისა და ზუმერის გუნდების თანამშრომლობით, კომპანიაში დაინერგა WMS - საწყობის მართვის სისტემა, რომელიც პროცესების ავტომატიზაციას, უფრო ზუსტ აღრიცხვასა და რესურსების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.
ზუმერის შესახებ
ზუმერი სწრაფად მზარდი საცალო ქსელია, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით საქონელი გადაადგილდება ცენტრალურ საწყობსა და მაღაზიებს შორის, პარალელურად კი სრულდება ონლაინ შეკვეთებიც. ასეთ გარემოში სასაწყობე პროცესების სისწრაფე, სიზუსტე და გამართული კოორდინაცია კომპანიის ყოველდღიური ოპერირების კრიტიკული ნაწილია. სწორედ ამიტომ, საწყობის პროცესების ავტომატიზაცია ზუმერისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო.
მთავარი საჭიროება
სისტემის დანერგვის საჭიროება საწყობის სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობამ განაპირობა. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფილიალების მომარაგების პროცესის დაჩქარება, ლოგისტიკური ოპერაციების უფრო ეფექტიანად მართვა და საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება. WMS-ის ფუნქციური ლოგიკაც სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს: ის ეხმარება ბიზნესს წინასწარ დაგეგმოს პროდუქციის შემოსვლა და გასვლა, ზუსტად აღრიცხოს საქონლის მოძრაობა, ოპტიმალურად გადაანაწილოს რესურსები და შეინარჩუნოს მუდმივი შესაბამისობა ფიზიკურ მარაგსა და სააღრიცხვო მონაცემებს შორის.
WMS-ის დანერგვის პროცესი
“პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე განხორციელდა არსებული პროცესების და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების ანალიზი. ამის შემდეგ დავიწყეთ WMS სისტემის ეტაპობრივი დანერგვა.” გვეუბნება მარიამ ჟღენტი, BDO დიჯითალის ლოგისტიკის ავტომატიზაციის მენეჯერი.
დანერგვის პროცესი BDO დიჯითალისა და ზუმერის გუნდების მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. ექვსი თვის სამუშაოების შედეგად, კომპანიამ მიიღო თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული და უფრო ეფექტიანი სასაწყობე პროცესები.
ამ ტიპის პროექტებში WMS სისტემის დანერგვა მხოლოდ ცალკეული ოპერაციების გაციფრულებით არ შემოიფარგლება. სისტემა მოიცავს საწყობის შიდა სტრუქტურის დაგეგმვას, პროდუქციის მიღებას, განთავსებას, აგროვებას, ინვენტარიზაციას, რესურსების მართვასა და ძირითად სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციას.
თანამშრომლობა და ცვლილებების მართვა
მსგავსი მასშტაბის ციფრულ პროექტებში ტექნოლოგიასთან ერთად გადამწყვეტ როლს თამაშობს სწორი კომუნიკაცია და ცვლილებების მართვა. ზუმერის შეფასებით, BDO დიჯითალის გუნდი პროექტის ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული და მუდმივ მხარდაჭერას, რამაც დანერგვის და ადაპტაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.
„BDO Digital-თან თანამშრომლობა იყო საინტერესო გამოცდილება. მათი გუნდი აქტიურად იყო ჩართული პროექტის ყველა ეტაპზე და გამოირჩეოდა ოპერატიული კომუნიკაციით. სისტემის დანერგვისას გვქონდა მუდმივი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ახალი პროცესების დანერგვაში.“ ამბობს WMS-ის პროექტის მენეჯერი, თათა ზუზაძე.
WMS სისტემის დანერგვის შედეგები
სისტემის დანერგვის შედეგად ზუმერში გაუმჯობესდა საწყობის სამუშაო პროცესები, მოხდა მათი უკეთ ორგანიზება და ავტომატიზაცია. შედეგად, საწყობის მართვა უფრო ეფექტიანი გახდა, ხოლო ფილიალების მომარაგება უფრო სწრაფი და გამართული. საბოლოოდ მივიღეთ სრულად გამართული და ავტომატიზებული სასაწყობე ინფრასტრუქტურა: გაზრდილი ტვირთბრუნვით, ზუსტი აღრიცხვიანობით, ოპტიმიზებული რესურსებით და რაც მთავარია, თანამშრომელზე ორიენტირებული სამუშაო ეკოსისტემით.
ERP-სთან ინტეგრაცია და ციფრული განვითარების უწყვეტობა
ზუმერთან თანამშრომლობა BDO დიჯითალისთვის სიახლე არ არის. რამდენიმე წლის წინ კომპანიაში უკვე დაინერგა ERP სისტემა, რამაც ზუმერისთვის პროცესების გაციფრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა.
„ერთიან სააღრიცხვო სისტემაში ბიზნესპროცესების გაერთიანებამ და ოპერაციების ავტომატიზაციამ ზუმერს შესაძლებლობა მისცა კიდევ უფრო მეტ გაციფრულებაზე ეფიქრა. სწორედ სასაწყობე პროცესებში დაინახა მეტი ავტომატიზაციის შესაძლებლობა და გადაწყვიტა WMS სისტემის დანერგვა. აღნიშნული სისტემა ინტეგრირებულია ERP სისტემასთან, რაც უზრუნველყოფს პროცესების სრული ციკლის შეუფერხებლად და უწყვეტად წარმოებას.” აღნიშნავს თამარ ბოჭორიშვილი, BDO დიჯითალის ERP დეპარტამენტის დირექტორი.
დასკვნა
ზუმერისა და BDO დიჯითალის თანამშრომლობა ნათლად აჩვენებს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია რიტეილ სექტორისთვის სტრატეგიული უპირატესობის მომტანია და ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი ეტაპობრივად, ბიზნესის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება. ERP-დან WMS-მდე გზა არ იყო მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება, არამედ ოპერაციული მოდელის გაძლიერება, რომელმაც კომპანიას მისცა მეტი ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და მზაობა მეტი გამოწვევისთვის.




























