საქართველოს ელექტროტექნიკით ვაჭრობის ბაზარზე #1 მოთამაშე ამჟამად ზუმერია - ამის შესახებ ბაზრის ძირითადი მოთამაშეების მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ფინანსური ანგარიშებიდან ხდება ცნობილი.
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს “ზუმერმა”, რომელიც მობილური ტელეფონებითა და კომპიუტერებით ვაჭრობაზე არის ფოკუსირებული 416.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, ზუმერმა გასულ წელს გაყიდვების მოცულობა 2021 წლის გაყიდვებს 180 მილიონი ლარით, ანუ 76%-ით აღემატებოდა. ზრდის ასეთი ტემპის გათვალისწინებით, “ზუმერმა” შემოსავალი 27 მილიონით უფრო მეტი იყო, ვიდრე საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე “ალტას” ქსელის კონსოლიდირებული შემოსავალი 2022 წელს. თუმცა, ამ უკანასკნელის წმინდა მოგება ზუმერის მოგებას აღემატებოდა.
- “ზუმერი” - შემოსავალი 2022 წელს 416.1 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 14.8 მილიონი ლარი;
- “ალტა” - შემოსავალი 2022 წელს 389 მილიონი ლარი, წმინა მოგება 17.2 მილიონი ლარი.
ზუმერის შესახებ:
“ზუმერი ოპერირებს მხოლოდ საქართველოს ბაზარზე. 2022 წელს გეოგრაფიული არეალი მოიცავდა 7 ქალაქს და წარმოდგენილი იყო 18 საცალო-სავაჭრო ფილიალით.
,,შპს ზუმერი ჯორჯიას“ საოპერაციო საქმიანობას წარმოადგენს ციფრული ტექნიკით საბითუმო და საცალო ვაჭრობა. კომპანია არის იმპორტიორი, თუმცა პროდუქციის შესყიდვა ხდება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მომწოდებლისგან. იმპორტს კომპანია ახორციელებს მთელი მსოფლიოდან, 2022 წლის განმავლობაში საერთაშორისო მომწოდებლები ძირითადად იყვნენ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან. ზუმერი ადგილობრივ მომწოდებლებთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და მარაგებს მათი საშუალებითაც ყიდულობს.
ზუმერის მიზანია მუდმივად ახალი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს და არსებული ბრენდების ასორტიმენტი გაამრავალფეროვნოს, 2022 წელიც გამოირჩეოდა ამ მხრივ. ამ წელს მაღაზიებში უფრო მეტი არჩევანი ხვდებოდა შემოსულ სტუმარს სხვადასხვა საფასო კატეგორიასა თუ ბრენდში.მიუხედავად იმისა, რომ ზუმერის ძირითადი ასორტიმენტი ციფრული ტექნიკისგან შედგება, შესყიდვების დეპარტამენტი აქტიურად ეძებს ახალ პროდუქტებს დივერსიფიკაციისთვის,”- ნათქვამია კომპანიის მმრათველობით ანგარიშში.
“ალტას” შესახებ:
2022 წელს შპს ალტა რითეილის ქსელი წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით 7 ქალაქში 15 მაღაზიითა და ინტერნეტ მაღაზიით.
ჯგუფის პროდუქცია იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
- მობილური ტექნიკა - სმარტ ტელეფონები, სმარტ საათები და მათი აქსესუარები.
- კომპიუტერული ტექნიკა - ნოუთბუქები, მონიტორები, პერსონალური კომპიუტერები, პლანშეტები, პერსონალური კომპიუტერების პერიფერული მოწყობილობები და მათი აქსესუარები.
- აუდიო ვიდეო ტექნიკა - ციფრული კამერები, ტელევიზორები, აუდიო სისტემები, სათამაშო კონსოლები და მათი აქსესუარები.
- მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა - კონდიციონერები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ღუმელები, გამწოვები და სხვა
- წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ელექტრო ქვაბები, ყავის აპარატები, მიქსერები, პურის საცხობები, მიკროტალღური ღუმელები, თმის ფენები, უთოები, წვენსაწურები, ელექტრო ჩაიდნები, ბლენდერები, მტვერსასრუტები, და ა.შ.
კომპანია მუდმივად ახდენს, შვილობილ კომპანიებში პერსონალის სწავლებას წამყვანი ბრენდების წარმომადგენლების მიერ, რათა მოხდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელმა შეძლოს კომპეტენტური კონსულტაციის მიღება, ასევე მუდმივად ხდება პროდუქციის განახლება და მომხმარებელს ალტას შვილობილ კომპანიებში იმავე დღიდან შეუძლიათ შეიძინონ „ფლაგმანები“, როცა მსოფლიოში ოფიციალური გაყიდვები იწყება,”- ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.
როგორც “ალტა”, ასევე “ზუმერი” საცალოსთან ერთად საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების სეგმენტებშიც აქტიურად არიან წარმოდგენილი.