მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ აბაშიძე: მგონია, ჩვენს ექსპორტიორებს რუსეთში კომფორტული პირობები აქვთ

ექსპორტი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილი სპეციალური მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ქართველ ექსპორტიორებს რუსეთში კომფორტული პირობები აქვთ.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მას ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ღვინის იმპორტის მიმართულებით არსებული შეზღუდვებზე დაუსვეს კითხვა. რუსი მეღვინეების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ღვინოზე საგადასახადო შეღავათი გაუქმდეს, აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთის მთავრობისგან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიციალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

“გაჟღერდა, მაგრამ ოფიციალური ორგანოების მხრიდან ამის თაობაზე არაფერი გვსმენია. მეტიც, ექსპერტებისგან კრიტიკული შეფასებები იყო. რამდენადაც ვიცი, ოფიციალურ დონეზე ნაბიჯები არ გადადგმულა და იმედი მაქვს, არც გადაიდგმება”,- განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქართულ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე სერიოზული პრობლემები არ აქვთ.

“ამ 12 წლის განმავლობაში, 25 თუ 26 შეხვედრა გვქონდა პრაღაში. იქ ყველა დეტალზე ვსაუბრობდით ხოლმე. ყოველი შეხვედრის წინ კომუნიკაცია მქონდა ქართულ კომპანიებთან, ღვინის მწარმოებლებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, ექსპორტიორებთან. თუ რამე პრობლემა ჰქონდათ ვაგროვებდით და შეძლებისდაგვარად ვცდილობდით მოგვარებას. წმინდა ეკონომიკური, სავაჭრო თვალსაზრისით, დღემდე, მგონია, საკმაოდ კომფორტული პირობები აქვთ ჩვენს ექსპორტიორებს რუსეთში. რაღაც დიდი პრობლემების შესახებ ბოლო დროს არ მსმენია და ადრეც თუ იყო, ჩვენ ამას ვაგვარებდით”,- თქვა აბაშიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მაისიდან რუსეთში ღვინის იმპორტზე აქციზი 3-ჯერ იზრდება. ამასთან, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია საქართველოდან ღვინის იმპორტზე შეღავათიანი რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ექსპორტიორები რუსეთში იმპორტის გადასახადს არ იხდიან. რუსმა მეღვინეებმა ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის გადახედვის მოთხოვნა 2023 წლის ზაფხულშიც დააყენეს.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 2024 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 16.7 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა, საიდანაც რუსეთზე 13.2 მლნ ლიტრი მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები