„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 7 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიიღო, რომლის განმარტებითაც ჯაფარიძეს ასევე 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
IPN-ის ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ჯაფარიძე. მოსამართლემ გასული სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა ის პროცესზე არ გამოცხადებულა.
ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.




























