მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ ხაჩიძე, გიორგი კაპანაძე... საჯარო მოხელეების ნაწილმა დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო - TI

6450bfd61344b
BM.GE
02.05.23 13:42
549
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების 37 მოქმედი თანამდებობის პირიდან 2022-2023 წლებში დეკლარაცია 7-მა ხარვეზებით შეავსო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი, მათგან ერთმა თანამდებობის პირმა კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა, თანამდებობის ოთხ პირს კი არ აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანია. 3 შემთხვევაში კი თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ლევან სანიკიძე - იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ლევან სანიკიძემ 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ფლობს 101 კვ.მ. მშენებარე ბინას. ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, ნათია თოდუა ფლობს 215 კვ.მ. ბინას () და დამხმარე 201 კვ.მ. ფართს თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე; 164 კვ.მ. მშენებარე ობიექტს ბაკურიანში, წაქაძის ქუჩაზე და 100 კვ.მ. ბინას ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე.

სანიკიძემ დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა, რომ მეუღლე, ნათია თოდუა არის:
● შპს “დინას” 50% წილის მფლობელი და დირექტორი
● შპს “ევრო-ტექ კონსტრაქშენი” 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ შპს “დინა” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, 2011 წლიდან დღემდე კომპანიამ 100 ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 35,434,576 ლარი შეადგინა, 7 გამარტივებული შესყიდვიდან კი შპს “დინამ” 24,451 ლარი მიიღო. კომპანიის ძირითადი შემსყიდველები არიან “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” და სს “საქართველოს რკინიგზა”.

ბოლო 9 ტენდერი შპს “დინამ” მას შემდეგ მოიგო, რაც ლევან სანიკიძე ჯერ ქუთაისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გახდა (2021), ხოლო შემდეგ - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე (2022). ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 6,127,770 ლარია და მათი უმეტესობა კომპანიამ კონკურენციის გარეშე მოიგო.

ქრისტინე კობახიძე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე

ქრისტინე კობახიძეს 2022 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “ჯეოტურისტის” 33% წილის მფლობელი.

ლუდუკ ხასია - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ლუდუკ ხასიამ 2022 წლის 10 ოქტომბერს ჩაბარებულ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ იგი შპს “კოლხმშენის” 30% წილს ფლობს, ასევე მიუთითა, რომ შპს არ ფუნქციონირებს, თუმცა საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნები.

გიორგი კაპანაძე - მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

გიორგი კაპანაძეს 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს წილებს შემდეგ 5 კომპანიაში:
● შპს “იალქანი+” -50% წილი
● შპს “კალაუბანი” - 50% წილი
● შპს “ავანტი” - 50% წილი
● შპს “ექსპედიტორი” - 50 წილი
● შპს “გოგორი (Ltd GOGORI)” - 50% წილი

აღსანიშნავია, რომ გიორგი კაპანაძეს ხარვეზები ჰქონდა 2022 წლის დეკლარაციაშიც. მაშინ მან ყველა ეს შპს დეკლარაციაში მიუთითა, თუმცა არც ერთ მათგანში საკუთარი წილი სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ ჰქონდა გადაცემული, 2023 წელს წილები სხვა პირს კი გადასცა სამართავად, თუმცა არც ერთი კომპანია დეკლარაციაში აღარ ასახა.

მიხეილ შაყულაშვილი - სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში

მიხეილ შაყულაშვილს 2022 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე თამთა ჯოჯუა შპს “გეთმ ჯორჯიას” 50% წილის მფლობელი და დირექტორია.

ზურაბ ხაჩიძე - სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ზურაბ ხაჩიძემ 2022 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის თანასაკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარეობს. ასევე არ აღნიშნა, რომ მეუღლე - ნატალია ჟორდანია ფლობს სამ ბინას (93.60 კვ.მ; 87.94 კვ.მ; 95.63 კვ.მ), სარდაფს (2.9 კვ.მ.) და ორ სხვენს (62.31 კვ.მ; 29.49 კვ.მ.), საერთო ფართობით 368.97 კვ.მ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე.

ზურაბ ხაჩიძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობაც. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ხაჩიძე საჯარო სამსახურის ბიურომ 2022 წელს დააჯარიმა დეკლარაციაში სხვადასხვა დარღვევების გამო - ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი და თავისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება, სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე, არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და დადებული ხელშეკრულება; არასწორად მიუთითა საბანკო

ანგარიშებზე არსებული თანხა. საყურადღებოა, რომ ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია.

შოთა როსტიაშვილი - სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

შოთა როსტიაშვილს 2022 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს თბილისში, მუხიანში მდებარე ბინას (132 კვ.მ.) და მცხეთაში, სოფელ წეროვანში მდებარე მიწის სამ ნაკვეთს, 13,454 კვ.მ. ჯამური ფართობით. როსტიაშვილმა დეკლარაციაში ასევე არ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ნინო გახარია თბილისში, ქარელის ქუჩაზე მდებარე მიწას და მასზე განთავსებულ შენობას, ხოლომცხეთაში, სოფელ წეროვანში 5,022 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობს.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით.