ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვერ იხსენებს მსხვილ ინვესტორს, რომელიც საქართველოში დიდი ინვესტიციით შემოვიდა. BMG-სთან საუბრისას ზვიად ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურად არასტაბილურ გარემოში ეკონომიკა ვერ ვითარდება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, Radisson Blu Iveria-ში საბანკო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმართება, რომლის მიზანიც ბიზნესის მდგრადობის მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლაა.
შეხვედრის დაწყებამდე EUGBC-ის გენმდივანმა BMG-სთან თქვა: „არ არსებობს ქვეყანა, რომელიც პოლიტიკურად არამდგრადია, პოლიტიკური კრიზისია და ის ეკონომიკურად ვითარდება. ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება ფურცელზე დაწერით მივიღოთ, მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი“.
კითხვაზე - რამდენად მზად არის დღეს ბიზნესი ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის, ჭუმბურიძე პასუხობს, რომ მათ შორის აღმოსავლეთის და არაბული სამყაროს ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტირების ინტერესი დამოკიდებულია სტაბილურ პოლიტიკურ გარემოზე და პროდასავლური კურსის განვითარებაზე.
გაერთიანების ხელმძღვანელი ხაზგასმით განმარტავს: „2024-2025 წლებში ვერ ვიხსენებ დიდ ინვესტორს, რომელიც საქართველოში დიდი ინვესტიციით შემოვიდა. პირდაპირი ინვესტიციებიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არ ვიქნებით სტაბილური ქვეყანა? არ იქნება ინვესტიცია. გამოვრიცხოთ ეს. ეს ყველაფერი მითოლოგიიდან არის, რომ ვიღაც ჩამოვა და $6 მლრდ-ს ჩადებს. არცერთი ქვეყანა მათ შორის არაბული ქვეყნები, მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა ურთიერთობა გაქვს შენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ევროპულ განზომილებასთან, რადგან ჩინეთისთვის, არაბული სამყაროსთვის და სხვა დიდი ეკონომიკური მოთამაშეებისთვის, ყველაზე დიდი პარტნიორები და დაცული ბაზარი აშშ და ევროკავშირია. არავინ თქვას, რომ ჩვენ შეიძლება ევროპული საინვესტიციო მხარე ჩავანაცვლოთ ჩინური, ინდური ან არაბული ინვესტიციით. გამორიცხულია. კარგია ამ სივრცესთან თანამშრომლობა. ეკონომიკური საფუძველი არის ის, რომ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა ყველასთან უნდა გქონდეს - ჩინეთთანაც, ინდოეთთანაც, არაბულ სამყაროსთანაც... მაგრამ იმ ევროპულ გზას, რომელიც ჩვენ 34 წლის წინ ავირჩიეთ, ალტერნატივა არ აქვს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური განზომილებით. ამას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. დანარჩენი სიტყვების თამაშია, რომ ვიღაც მოვა და ინვესტიციას ჩადებს“.