მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში” - თეა წულუკიანი ქალების ნარატივში

BM.GE
12.04.21 11:57
1138

რა ფორმით გაგრძელდება კულტურის სფეროს დაფინანსება და რა ჩაიწერება კულტურის კოდექსში? - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „ქალების ნარატივში“

 

-2012 წლიდან მართავდით იუსტიციის სამინისტროს, შემდეგ კი კულტურის სფეროში გადაინაცვლეთ; რამ განაპირობა ეს ცვლილება?

-არჩევნებამდე ვსაუბრობდით, იმაზე თუ, რა როლი უნდა შეგვესრულებინა ჩვენი გუნდის ამა თუ იმ წევრს გამარჯვების შემთხვევაში. მე ვთქვი ის, რაც მანამდე საჯაროდაც მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ერთ სამინისტროს ხელმძღვანელობდე, დროა ადგილი დაუთმო სხვას. შესაბამისად, ვფიქრობდით, სად იქნებოდა ჩემი მომავალი პოლიტიკური პოზიცია, ეს შეიძლება ყოფილიყო პარლამენტში, ისევ მთავრობაში. ასე მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. 

 

-თქვენი გადმოსახედიდან, ბევრია იყო 8 წელი ერთ თანამდებობაზე?

-ერთი და იგივე თანამდებობაზე ყოფნისთვის, 8 წელი საკმარისი დროა, იმიტომ რომ ამის შემდეგ, სჯობს იგივე სისტემა სხვამ მართოს, თუმცა ისიც, ცუდია, როცა მინისტრები ხშირად იცვლებიან. ერთი სისტემის 8 წელი მართვა დიდი გამართლებაა, შეგიძლია ბევრი პროექტი დაიწყო და დაასრულო. სისტემის სტაბილურობისთვის, მით უმეტეს, როგორიც იუსტიციის სამინისტროა, ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი იყო. ჩვენ სხვა სისტემებს და ზოგადად, ქვეყანას ხელს ვუწყობდით რომ თუნდაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისთვის მიგვეღწია. ასოცირების შეთანხმება ყოფილიყო არა მხოლოდ ხელმოწერილი, არამედ წარმატებით განხორციელებული. როცა არის რყევები, პროცესს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა, ხელი ეშლება ხოლმე. 

 

-ამ 8 წლის განმავლობაში, თქვენი მხრიდან ხედავთ შეცდომებს?

-ძირითადად საკადრო საკითხებში, ეს ჩემი პირადი შეცდომებია, შეიძლება დიდ ნაკლად ჩამეთვალოს ის, რომ ადამიანებს კრიტიკული თვალით წინასწარ არ ვუყურებ. ჩემს თავს კი, უფრო ცინიკურად ვუყურებ, ვიდრე კრიტიკულად. ვიტყოდი, რომ ჩემზე უკეთ მე ვერ გამაკრიტიკებენ. ჩემს შესახებ რაც სიმართლეა, ის შემიძლია კიდევ უფრო მწვავე და სასაცილო ფორმით გამოვხატო. შეცდომები უფრო საკადრო თვალსაზრისით დამიშვია, რადგან ნდობა გამომიცხადებია ადამიანებისთვის, რომლებმაც შემდეგ აბსოლუტურად სხვა ნაბიჯები გადადგეს, ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ და საქმის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს. თუმცა, არავისთან არაფერი სასაყვედურო არ მაქვს, როცა მე ვუშვებ შეცდომას, ის ჩემი შეცდომაა. ალბათ, მომავლისთვის გაკვეთილი უნდა ვისწავლო.

 

-შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებთ?

-არა, იმიტომ რომ მაშინ ადამიანის ნდობაზე უნდა ვთქვა უარი, ვცადე, მაგრამ არ გამომდის, ყველას უნდა მისცე შანსი, მე ასე ვმუშაობ. საქმეში თუ გამოვლინდება ის, რაც მიუღებელია, დაუნდობელიც ვარ ხოლმე. სიმკაცრის გარეშე დიდი სისტემის მართვა შეუძლებელი მგონია. 

 

-თქვენ როგორ შეაფასებდით, როგორი ოპონენტია თეა წულუკიანი?

-საკუთარი უნარების შეფასება ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ პაექრობის უნარი არაა თანდაყოლილი. საფრანგეთში დავამთავრე სახელმწიფო მართვის სკოლა, რომელიც მაღალჩინოსნებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ასევე, პრეფექტებს და სხვადასხვა სახელმწიფო ინსპექციების ხელმძღვანელებს „ჭედავს“ და ასწავლიან მათ შორის ამასაც. თუმცა, ერთია, პაექრობა ისწავლო ფრანგულ ენაზე და მეორეა, ოპონირება შეგეძლოს ქართულად. მივიჩნევ, რომ ამ დარგში, თუ შეიძლება ითქვას, რომ მაქვს რაიმე წარმატება, ეს დიდწილად, განპირობებულია იმით, რომ მე ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლაში, როდესაც პატარა მოსწავლე ვიყავი, ქართულის ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. ქართული ისე თუ არ იცი, რომ მათრახივით იქნიო, რა თქმა უნდა, იქ პაექრობა ძნელია. 

 

-დააანონსეთ კულტურის კოდექსის შექმნა, რა ძირითად გამოწვევებს უნდა უპასუხოს მან?

-კულტურის კოდექსის საჭიროება არის არა მხოლოდ ჩემ მიერ დანახული, არამედ თვალშისაცემი ყველასთვის, ვინც კულტურის სფეროში საქმიანობს ან მოღვაწეობს. თუ ჩავხედავთ სხვადასხვა მიმართულებას, არსებობს მიმოფანტული კანონები, სხვადასხვა ნორმები; ხანდახან ამას კანონის ფორმაც არ აქვს და არის მინისტრის დამტკიცებული და იმის მიხედვით, თუ ვინაა მინისტრი და ვინ როგორ ხასიათზე ვართ, ამის მიხედვით იმართება ხოლმე დარგი. ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ შევქმნათ კოდექსი, სადაც თითოეულ დარგს მიეძღვნება თავი. იქნება თეატრების, მუზეუმების, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების და მრავალი სხვა თავი. ამით დარეგულირდება საბაზისო, ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც უნდა აღმოცენდეს ახალი და აყვავდეს ის, რაც უკვე არსებობს. ეს კოდექსი ასევე დაარეგულირებს, უხეშად რომ თქვათ, თამაშის წესებს სახელმწიფოსა და თუნდაც, პოტენციურ სპონსორებს შორის. რაც ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც დღეს განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, არის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის წესები, რაც პრაქტიკულად, მოშლილია. ჩვენ ვართ ეროვნული კატასტროფის მოწმე გელათის სამონასტრო კომპლექსში, სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს წესები, კანონი. ის მწირი ნორმები, რაც შემოიღო პარლამენტმა მრავალი წლის წინ, არის შეჩერებული. ისინი არ მოქმედებს. ისეთ მნიშვნელოვან ძეგლს, როგორიც გელათია და ასევე სხვა ძეგლებს, რომლებზეც დგას ჩვენი ეროვნული იდენტობა, შეიძლება შეეხოს ნებისმიერი ხელოსანი, რომელმაც, მაგალითად, თქვენ გუშინ სამზარეულო გაგირემონტათ. არ მინდა იფიქროთ. რომ ვაჭარბებ ან ხატოვნად გამოვხატავ. ეს კატასტროფაა. ამ კოდექსმა ეს საკითხებიც უნდა დაარეგულიროს, რომ ძეგლებს შეეხონ მხოლოდ ისინი, ვინც იცის ქვასთან მუშაობა, არის ფერწერის სპეციალისტი და არა უბრალოდ ხელოსანი, რომელიც თანამედროვე შენობებს შეიძლება ძალიან კარგად აშენებს.

 

-კიდევ რას შეეხება კულტურის კოდექსი?

-იდეალურ შემთხვევაში, თუ ეკლესიას ამის სურვილი ექნებოდა, ჩვენ მზად ვიქნებოდით შევსულიყავით მათთან ერთად რთულ პროცესში. ეს მათზე იქნება დამოკიდებული, გაჩნდება თუ არა კოდექსში ცალკე თავი კულტურის დარგში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის დასარეგულირებლად. კონსტიტუციური შეთანხმება, რომელსაც შეცდომით ყველა კონკორდატს ვეძახით ხოლმე, არის კანონი, ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღლა მდგარი, თუმცა მისი კანონქვემდებარე აქტი არასდროს არ შემუშავებულა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტიპის კონსტიტუციური დოკუმენტი, მნიშნელოვანი, მაგრამ ზოგადი. ის როგორ უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ შემთხვევაში, ამის არავითარი წესი არაა დღეს დადგენილი, იდეალურ შემთხვევაში, კოდექსი შეიძლება გახდეს თავისი ერთ-ერთი თავით კონსტიტუციური შეთანხმებით კანონქვემდებარე აქტიც. ხაზს გავუსვამ იმას, რომ თუკი ეკლესიას ამის სურვილი არ ექნება, ან არ იქნება მოტივირებული იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში თავს არ გავყოფთ. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას ოფიციალურად დავიწყებთ, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირთან ეს პოზიცია გამოვხატე, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა, ეს არაოფიციალური კონტაქტია. იმედია ვაქცინაციის პროცესი სწრაფად წავა და როდესაც რაიმე ტიპის საფრთხის შემცველი არ ვიქნები უწმინდესისა და უნეტარესისთვის, მე მას ვეახლები და რა თქმა უნდა, მას ვკითხავ. თუ იქნება მათი სურვილი, მზად ვიქნებით რთულ, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვან პროცესში ჩაერთოთ.

 

-როგორ შეაფასებდით, კულტურა რა მდგომარეობაში დაგხვდათ?  

-კულტურაში ძეგლების მიმართულება არის ძალიან სუსტი, ძეგლებთან მოპყრობა, ვიტყოდი, მეორე პლანზეც კი არაა. კარგი იქნება, თუ 100-200 ადამიანი მაინც იქნება, ვისაც შეიძლება ოსტატი ეწოდოს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან მალე გამოვაცხადებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. იგულისხმება მჭედლები, კირითხუროები, ისინი, ვინც ხეზე მუშაობას, ქვის კონსერვაციას, ქვის თლა, ქვაში ჩუქურთმა იცის და არაა უბრალოდ ხელოსანი ან მშენებელი. ვფიქრობ, სულ 3-4 პროფესიონალი ქვის მთლელი თუ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში შემორჩენილი, ეს დიდი სიმდიდრე იქნებოდა. ამიტომ, რეესტრს გავაკეთებთ იმ მიზნით, რომ მომავალ წელს, ამ დროს, შევძლოთ გამოვაცხადოთ რომ ძეგლს შეეხებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ოსტატები და არავინ სხვა. 

კულტურის მიმართულებით სხვა უამრავი გამოწვევაცაა, თუნდაც, თეატრებისა და მუზეუმების ნაწილში. გავაკეთებთ მედია ტურსაც „ოქროს ფონდში“. შალვა ამირანაშვილის მუზეუმში, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, მას შემდეგ „გერი“ მუზეუმია, რომელსაც არავინ სათანადო ყურადღებას არ აქცევს. 

ასევე, თავისუფალი, შემოქმედი ადამიანების მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და პრობლემები, იმიტომ რომ გვაქვს ამბიცია, რომ სამინისტრო არ იყოს მხოლოდ ჩვენივე ორგანიზაციებზე მომუშავე, მაგალითად თეატრებზე, რომლებსაც სახაზინო თანხებით უზრუნველვყოფთ. გვსურს მივწვდეთ იმათაც, რომლებიც ხაზინიდან არ იღებენ ხელფასს, მაგრამ არიან ხელოვანები და სჭირდებათ ხელშეწყობა. ვფიქრობთ, მათთვის შევქმნათ ვირტუალური ჰაბი. ეს იქნება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც იქნება ხიდი ამ ადამიანებსა და სამინისტროს შორის. ეს იქნება შესაძლებლობების ჰაბი, ელემენტარულად, სამინისტროსთვის შესაძლებლობა, რომ დაინახოს ეს ადამიანები. ჩვენ ისინი აღრიცხულიც კი არ გვყავს, ეს დღეს ჩემთვის უმთავრესი პრობლემაა. გარკვეულ თანხმებს თვის ბოლომდე გამოვძებნით იმისთვის, რომ პანდემიით დაზარალებულ თავისუფალ ხელოვან ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სისტემიდან ხელფასს არ იღებენ, მათ მივეხმაროთ. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ისინი, დღეს ეს არ ვიცით. ჰაბი კი საშუალებას მოგვცემს რომ მათ ვხედავდეთ, ისინიც კი - ჩვენ და დედაქალაქში თუ სხვაგან ნაცნობების ძებნა არ სჭირდებოდეთ, იმისთვის, რომ მე მომწვდნენ და გამაგებინონ, რომ უჭირთ. ძალიან გამიხარდებოდა, თუ ამ ჰაბის შექმნას მოახერხებდნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. ჩვენ შეგვიძლია გარედან კომპანია ვიქირავოთ და ეს ელექტრონული პლატფორმა შევქმნათ, მაგრამ არის მედიახელოვნების ფაკულტეტი, იქ იციან არა მხოლოდ ამგვარი პლატფორმების შექმნა და დიზაინი, არამედ სამინისტროს სპეციფიკას. თუ ეს არ მოხერხდა, იმიტომ რომ სტუდენტს სხვა ბევრი საქმე აქვს, მაშინ ამას გარე ძალებით გავაკეთებთ. ვფიქრობ, მომდევნო ერთ თვეში პირველი „დასაკლიკებელი“ ადგილი უნდა გავაჩინოთ, სადაც ხელოვანი დარეგისტრირდება, ატვირთავს თავის ფოლდერს, იმას, რაც, მისი აზრით, მას საუკეთესოდ წარმოაჩენს. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ახლა ესეც კი არ მაქვს. 

შემოქმედებითი საზოგადოებები მნიშვნელოვანი იქნება. მჯერა, თანამშრომლობის პირველ მაგალითს ვაჩვენებთ თეატრალურ საზოგადოებასთან, რომელიც უნდა გახდეს „ქოლგა ორგანიზაცია“ პრობლემების მოსათელად, განსახილველად, ან უბრალოდ, ერთმანეთში „საჩხუბრად“, რათა თეატრალებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა ერთმანეთთა იკამათონ, ვიდრე ეკამათონ სამინისტროს, მდიდარმა თეატრმა ანგარიში გაუწიოს ღარიბ თეატრს და არ გააბას პრივილეგირებული ძაფები სამინისტროსთან პირდაპირ, არამედ ერთმანეთთან იმუშაონ, რათა სამინისტრომ დაინახოს, ვის უჭირს ყველაზე მეტად. ასევე, როგორ შეიძლება, მაგალითად, რომ თბილისურმა თეატრებმა უფრო მეტად იარონ რეგიონებში და რეგიონულ თეატრებში, იქაური მოსახლეობა აზიარონ თავიან ხელოვნებას, რომელიც ხშირად უნიკალურია, თბილისში იქმნება და მხოლოდ თბილისში არ უნდა დარჩეს.  

ასევე, აღვნიშნავ UNICEF-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ქართველი ბავშვების ძალიან დიდ ოდენობას ერთი საბავშვო წიგნიც კი არ აქვს სახლში, ეკონომიკური შეჭირვების პირობებში კი, მშობელი, რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრობს, რომ შინ საკვები მოიტანოს და აღარ რჩება ფული წიგნისთვის. შეიძლება ვიღაცას საკვებისა და წიგნისთვისაც რჩებოდეს ფული, მაგრამ არა იმისთვის, რომ სკოლის მიღმა სპორტზეც ატაროს შვილი. აქ ჩვენ გვექნება ახალი იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახდეს მასობრივი სპორტი ხელმისაწვდომი. ძალიან კარგია მედლები და გამარჯვებები საერთაშორისო ასპარეზზე, ამის ხელშეწყობას გავაგრძელებთ, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვები მასიურად იყვნენ ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მათგან ყველა ტალახაძე და ფაჟავა ვერ დადგება, მაგრამ კარგი იქნება თუ ყველა იქნება სპორტში ჩართული.

 

-არიან ისეთებიც კულტურაში, რომელებიც თქვენი მისამართით არც თუ ისე კეთილგანწყობილები არიან: მაგ ანიტა რაჭველიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ თქვენი მინისტრობის განმავლობაში, საქართველოს სცენაზე არ იმღერებდა; შეიძლება მის მსგავსად კიდევ ფიქრობდნენ სხვები, როგორ აპირებთ ამ ადამიანებთან ურთიერთობას?

-ჩემთან კომუნიკაციას ვერავის ვაიძულებ, სამინისტრო და მეც ვართ აბსოლუტურად ღია, მათ შორის მწვავედ კრიტიკულად განწყობილი პირებისადმი. ჩემი მინისტრობისას პირველ აგურებს თუ დავაწყობთ ყველა ერთად იმისთვის, რომ კულტურა გამოვიდეს მავნე საბჭოთა მემკვიდრეობიდან, როდესაც კულტურა იყო ვიღაცის ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტი; საბჭოთა დროს მეტ-ნაკლებად უკვე ასე იყო და ასე მწამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ამან მიიღო ძალიან ფართო მასშტაბები. კულტურა უნდა იყოს კულტურა და არა კულტურა პოლიტიკის სამსახურში. შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია რას იტყვის ჩემზე თუნდაც ანიტა რაჭველიშვილი და ა.შ. ჩემთვის მთავარია რას ქმნიან ისინი დღეს, სჭირდებათ თუ არა ხელშეწყობა. ვისაც არ სჭირდება სამინისტროს ხელშეწყობა, იქ პრობლემაც არაა. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ კულტურაში კულტურაზე მეტი პოლიტიკა რომ არ იყოს და ამ ადამიანების ხელოვნებას რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით, მათ შორის, რეგიონებში. საერთაშორისო ასპარეზზე, ანიტა რაჭველიშვილს ჩვენი დახმარება არ სჭირდება. შეიძლება სძულდეთ მინისტრი, მთავრობა, თუმცა კულტურა არის ქართველი ხალხის და ისინი ამ კულტურის შემქმნელები და მათში მონაწილეები არიან და შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაგვთვალონ ღირსად, რომ მათი ხელოვნება მოვისმინოთ.  

 

-კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აქვთ პრეტენზია, რომ სამინისტროს მიერ განსაკარგი ბიუჯეტი არ ნაწილდება გამჭირვალედ და სამართლიანად, ყურადღება არ ექცევა კერძო ინიციატივებს, არ არსებობს ღია და ეფექტური კომუნიკაცია დასაქმებულებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად, სფერო კრიზისშია, რაც მას მოწყვლადს ხდის; ეთანხმებით თუ არა მათ შეფასებას და თქვენ რის შეცვას აპირებთ?

-ზემოაღნიშნული ჰაბი არის ერთ-ერთი პატარა ინსტრუმენტი, მაგრამ ის პრობლემები, რაც ჩამოთვალეთ, რეალურია. სსიპ-ებთანაც კი, რომლებიც კულტურის სამინისტროს ქვეშ მოქმედი ორგანიზაციები არიან, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ არ ჩავთვლით ოზურგეთის თეატრს, დღემდე არ შემხვედრია ჩვენს სისტემაში ასეულობით სსიპ-დან არცერთი, რომელსაც აქვს იმის განცდა, რომ ისინი არიან კულტურის სამინისტროს სისტემის ნაწილი. ეს ნიშნავს იმას, რომ, პირველ რიგში, კომუნიკაცია გვაქვს გასამართი და მე ვერ ვიჯდები ჩემს კაბინეტში, როცა არ იცი სსიპ-ს რა უჭირს ადგილზე. გავემგზავრები ზუგდიდში, რომ დადიანების სასახლეში მუზეუმი და მისი თანამშრომლები ვნახო და პრობლემები გავიგო, ასევე შესაძლებლობა მექნება, რომ დასავლეთში სხვადასხვა თეატრსა და მუზეუმს ვესტუმრო. პირველ რიგში, ის ორგანიზაციები მოვიარე, რომლებსაც ჩვენ ვაფინანსებთ იმ მწირი თანხებით, რაც გვაქვს, მაგრამ პრობლემები მხოლოდ თანხებზე არაა დამოკიდებული, ხშირად, ისინი უფრო მასშტაბურია. კომუნიკაცია პრობლემაა და ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთად უნდა გამოვასწოროთ. ასევე პრობლემაა ის, რომ კერძო ინიციატივებს სამინისტრო კი წვდებოდა ხოლმე, მაგრამ სამართლიანობის მხრივ, ალბათ იყო პრობლემები, ან აღქმა იყო ასეთი სამართლიანობის თვალსაზრისით. მე არც მხატვარი ვარ, არც მომღერალი, არც ლექსებს ვწერ და ჩემი არანაირი ინტერესი მაქვს, რომ გალერეა ან გამომცემლობა მქონდეს. მე ამით შემიძლია ვიამაყო და შევთავაზო ეს ყველას, როგორც კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ყველას მეტ-ნაკლებად თანაბრად მიწვდეს ის უმწირესი რესურსი, რომელიც კულტურის სამინსიტროს აქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ 100 მილიონი და აქედან შეიძლება 100 000 ლარიც კი აღარ იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ ელემენტარულად, რომელიმე ორგანიზაციას, რომელსაც პანდემიის გამო გაუჭირდა, ზედმეტი თანხა მივცეთ, რომ დენის გადასახადი დაფაროს. ამიტომაც, ჩვენ მოგვიწევს იმ პროექტების გადასინჯვა, რომელიც ტრადიციულად, ფინანსდებოდა და იწვევდა ეჭვს რომ უსამართლოდ ნაწილდება ფული. ეს დაგვეხმარება რომ გამოვათავისუფლოთ რესურსი კერძო ინიციატივებისთვის, კონკურსების გზით. კონკურსი იქნება ძირითადი, სისტემატურად გამოყენებადი წესი და შემდეგ შეიძლება იყოს რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი პროექტი, რომლებიც სახელმწიფო მნიშვნელობისაა და იქ სახელმწიფო მიხედავს თავის თავს. უდიდესი თანხა ფულისა, რომელსაც გვაძლევს ბიუჯეტი, უნდა განაწილდეს კონკურსის გზით და მათ შორის, მგონია, რომ ჩვენმა სსიპ-ებმაც კონკურსებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს კონკურენციას შექმნის, ნაცვლად მუდმივად ხელგაშვერილ მდგომარეობაში ყოფნისა, რომ სახელმწიფომ დაუმატოთ თანხა. სასურველია, რომ კულტურამ ნელ-ნელა წარმატებული ინდუსტრიის ელფერი შეიძინოს. 

 

-ხელოვანთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “გილდია” ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უნდა დაიწყოს მუშაობა, ერთი მხრივ, კულტურის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე სფეროს დამფინანსებელი კერძო წყაროებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი პირობების შესამუშავებლად. განიხილება რაიმე ტიპის შეღავათები?

-ამას სჭირდება მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებები. დეტალურად გავეცანი კანონპროექტს, რომელიც მეცენატობის შესახებ მომზადდა, მათ შორის „გილდიისა“ და სხვა პირების დახმარებით. რბილად რომ ვთქვა, მგონია რომ ეს კანონპროექტი ხარვეზიანია, იმიტომ რომ ის შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ საუკეთესო იარაღად იქცეს, თუნდაც რუსეთის ხელში. ამგვარ საკითხებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ეს კანონპროექტი არ ქმნის ბარიერს ისეთი სპონსორებისთვის, რომლებმაც, შეიძლება, კულტურის საფარველის ქვეშ დააფინანსონ პროექტები, რომლებიც მაგალითად, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს, ან არის ე.წ რბილი ძალა; ამით შეიძლება კულტურის ხელით აკეთონ რუსული საქმე. ამგვარ მეცენატობას ვერ წავახალისებთ. განზრახ არა, მაგრამ კანონპროექტში არაა ნაფიქრი, გამორჩენილია ის, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იდეა უნდა მივატოვოთ. ამ იდეაზე ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ. ამ თემაზე მე ვანო მაჭავარიანთან მის გადადგომამდე მქონდა ორი სერიოზული და სიღრმისეული დისკუსია, რომელშიც უკვე ამჟამინდელი მინისტრი ლაშა ხუციშვილიც იყო ჩართული. გავაგრძელებთ მსჯელობას იმაზე, თუ როგორ წავახალისოთ მეცენატობა კულტურის სფეროში და დაწესდეს გარკვეული შეღავათებიც, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ პროექტებზე და არა ისე, რომ იყოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაფინანსებული პროქტი და ეს გარედან არ ჩანდეს და შეიძლება იყოს გარკვეული ჰიბრიდული საფრთხის შემცველიც. ეს საფრთხეები უნდა გამორიცხოს ამგვარმა საკანონმდებლო ცვლილებამ. უფრო იმაზე ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პროექტები შევთავაზოთ. როგორც, მაგალითად, რესტორანში გვთავაზობენ მენიუს, რომლის ფარგლებშიც უნდა აირჩეს და არა ზოგადად, ნებისმიერი. იყოს შეღავათები, მაგრამ არა თავისუფალი მოქმედება ოკუპირებულ ქვეყანაში, ვიღაცების ხელში ინსტრუმენტი, რომ ფული ვუხადოთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაწეულ საქმიანობაში.

 

 

-ასევე, „გილდიის“ ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კულტურის სფეროში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი მერყეობს 150 ლარიდან 300 ლარამდე; თქვენი აზრით, რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი?

-მინიმალური ხელფასი რამდენი უნდა იყოს არ ვიცი, მაგრამ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი წარუმატებელი სსიპ-ის ხელმძღვანელს აქვს ხელფასი 5000 ლარზე მეტი, ხოლო ისეთი ჩუბინაშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, რომელიც ერთადერთი კვლევითი ცენტრია ჩვენს სისტემაში, მის ხელმძღვანელს ხელფასი დაახლოებით 700 ლარი აქვს. და ამ დროს, მას ვთხოვთ რომ მეცნიერული კვლევითი საქმიანობა ფართოდ გაშალოს საზოგადოებაში და ასაზრდოოს კულტურა. ასეთი უთანასწორობა დაუშვებელია. პრიორიტეტულია სწორედ პროფესიონალიზმი, მეცნიერება, კვლევა. მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, ვინც მცირე ხელფასით მაინც ემსახურებოდა კულტურას. როგორც კი დამტკიცდება სამინისტროს ახალი სტრუქტურა, დავიწყებთ გარკვეული სამართლიანობის განცდის შექმნას. ჩვენ დებულებაზე მუშაობა თითქმის დავასრულეთ და ის მთავრობისთვის წარსადგენად მზადაა. 

ასევე, მე ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში. მაქვს იმის ამბიცია, რომ კადრები შემცირდეს, მაგრამ ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდოს კულტურის სამინისტროში. არ დავუშვებ, რომ კულტურის სამინისტროს ბიუროკრატიული აპარატი იყოს გარკვეული კარადა, სადაც მიაწყობ იმას რაც არ გჭირდება, ან მიიყვან კადრებს იმიტომ რომ შენი მეზობლის საცოლეა. ამას რო გადავარჩევ, უფრო ზუსტი პასუხი მაშინ მექნება, არის თუ არა ამის საფუძველი.

ასევე აღვნიშნავ, რომ მე ვერ დავუშვებ იმას, რომ კულტურის სამინისტროს ერთ რომელიმე კერძო ინიციატივასთან და კერძო თეატრთან ჰქონდეს პრივილეგირებული ურთიერთობა და სხვა კერძო თეატრების მდგომარეობა არ ვიცოდე. თუ საშუალება გვექნება, ყველას ხელს შევუწყობთ. სასურველი იქნებოდა თეატრალური საზოგადოება თუ არაა გაერთიანებული, გაერთიანდეს და იქიდან წამოვიდეს ინიციატივები. შევეცდებით ხელი შევუწყოთ, თუნდაც, „თავისუფალ თეატრს“ და დავინტერესდებით სხვა კერძო თეატრების მდგომარეობითაც.

 

-შევეხოთ სპორტის საკითხსაც; როგორ ფიქრობთ, დღეს ქართული ფეხბურთი სადაა?

-ფეხბურთი თითქოს ეროვნული სპორტია, ქართველობის ნაწილი. მიმაჩნია, რომ ქართველი კაცების მხრიდან „რატომ არ გაიმარჯვე“ დამოკიდებულება გადამეტებულია. მე არ ვიქნები ისეთი მინისტრი, რომელიც რომელიმე სპორტსმენს დააბულინგებს, იმის გამო რომ მედალი ვერ ჩამოიტანა ან ვერ გაიმარჯვა, თუმცა, მეორე მხრივ, წარუმატებლობაში დიდ თანხებს ვერ ჩავდებთ. 

რაც შეეხება ქალ სპორტსმენებს, ისინი და არა მხოლოდ ქალები, აყენებენ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად, სრულფასოვანი სავარჯიშო სივრცეც კი არ აქვთ, ამ ინფრასტრუქტურულ საკითხსაც თავმოყრა დასჭირდება იმისთვის, რომ ეს რესურსებიც სამართლიანად განაწილდეს და ვიღაცის კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. ფედერაციების დაფინანსება გაგრძელდება, მაგრამ თან დავინტერესდებით ვინ, რას, როგორ, რამდენად სწორად ხარჯავს. სტუდენტობისას და მაშინაც, როცა ახალგაზრდა საჯარო მოხელე ვიყავი, თავადაც მიზიდავდა სპორტული აქტივობები.  

 

-გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებთ?

-ძალიან, ხანდახან, მეტისმეტად სწრაფადაც.  

 

 

 


ბლიც-ინტერვიუ:  

 

-ბავშვობის საოცნებო პროფესია

- არ მქონია, ბევრს ვფიქრობდი რა მინდოდა გამოვსულიყავი, ხან არქეოლოგობა მინდოდა, ხან ექიმობა და ბოლოს აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი.   

 

-ფრაზა, რომელსაც დღის განმავლობაში ხშირად ამბობთ

- „დიახ“

 

-რისი ეშინია თეა წულუკიანს?

-ზამთრის - არ მიყვარს ზამთარი, თოვლში სრიალისგან განსხვავებით.

 

-პარლამენტი თუ მინისტრთა კაბინეტი?

- პარლამენტი ძალიან მომხიბვლელი ორგანოა ჩემთვის, რადგან აზრის გამოხატვისთვის მეტი თავისუფლება; მთავრობა არის ჩემთვის საუკეთესო ადგილი, რომ ვაკეთო საქმე.  

 

-კიდევ რომელ პროფესიას შეითავსებდით?

-ძალიან ვნანობ, რომ არ წავედი მედიცინის მიმართულებით.

 

-დღეს ფიქრობთ, რომ პროფესია სწორად შეარჩიეთ?

-არა

 

-იარაღს კარგად ისვრით?

-დიდი ხანია აღარ მისროლია, თანაც მხედველობაც დამაკლა. მანამდე კარგად ვისროდი.

 

-კერძებს თუ ამზადებთ?

-მომზადება არ მიყვარს, თუმცა კეთება ვიცი, ძალიან მიყვარს ჩანახი.  

  

-რა დაგრჩათ გამოწვევად?

-დღეს ჩემთვის გამოწვევა არისის, რომ ქართული კულტურა ისევ გახდეს ქართული სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველი და ამაში ჩაერთოს ყველა ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს ან დროებითაა ქვეყნისან გასული. ამას ერთი ადამიანი ვერ შეძლებს, მაგრამ იმას შევძლებ, რომ ამ მიმართულებით, რამდენიმე კენჭი დავდო.






სტუმარი: თეა წულუკიანი - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები