მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯავშნების 20% გაუქმდა“ - ტუროპერატორი შავი ზღვისპირეთში დასვენებაზე

649acd0cb9099
თათია ჩაფიჩაძე
27.06.23 15:50
20453
კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების თემა აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად სპეციალისტების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც საქართველო ამ ეტაპზე რისკ ზონაში არ არის, მოსახლეობის ნაწილში პანიკა გრძელდება. შედეგად, ბიზნესი აცხადებს, რომ ჯავშნები აჭარის მიმართულებით მასობრივად უქმდება.

როგორც ტურისტული კომპანია „თრეველ ჯორჯია ვანის“ ბიზნეს დეველოპერმა ვახტანგ ქართველიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ყველაზე მეტად საქართველოს შავიზღვისპირეთში ჩამოსვლისგან თავს ევროპის ქვეყნებიდან იკავებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიურობს სომხეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის მოქალაქეები.

„ძირითადად ჯავშნები უქმდება ევროპიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან. ევროპელ ტურისტებს შეეშინდათ შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოსვლა, თუმცა, ჩვენ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს, ვცდილობთ, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გვაქვს. ეკოლოგებთან მუდმივად განახლებადია ეს თემაა. ამ ეტაპზე ყველა გვიდასტურებს, რომ რისკები არ არის და საპანიკო არაფერია.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე ჯავშნების 20% გაუქმდა, თუმცა პანდემიას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ. სრულყოფილად მზად ვართ ზაფხულის სეზონისთვის. ასევე, ჩვენი პარტნიორი სასტუმროები გვიწყობენ ხელს, რომ პროდუქტები ქართულ ბაზარს მოვარგოთ როგორც კორპორაციულად, ისე ინდივიდუალურად. ამერიკელები ჯერ არ შეშინებულან, არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა, მათი მხრიდან ჯავშნები აგვისტოშია და იმედი გვაქვს, რომ ვითარება დალაგდება. ამ დროისთვის აქტიურობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე, ისრაელი", - განაცხადა ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, ივნისის ჯავშნები წელს გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. თუმცა, ტუროპერატორი მთავარ იმედს ივლისი-აგვისტოს თვეებზე ამყარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები