მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 აქცია EU-ის 12 პუნქტის შესასრულებლად - თემურ ჭყონია ახალგაზრდებს მიმართავს

6409d384a4da8
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.23 16:43
5223
12 აქცია ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად - ასეთია ბიზნესმენ თემურ ჭყონიას რეკომენდაცია, რომელსაც ის ახალგაზრდებს აძლევს.

როგორც ის BM.GE-სთან აცხადებს, ახალგაზრდების პროტესტმა შედეგი გამოიღო და მთავრობამ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია. თემურ ჭყონია ამბობს, რომ ახლა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აუცილებელია ახალგაზრდების პერმანენტული ჩართულობა, რაც 12 დღის განმავლობაში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ერთდღიან აქციებს მოიცავს. ამგვარად ხალხი ჩაიბარებს ანგარიშს მთავრობიდან, თუ როგორც სრულდება თითოეული პუნქტი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ახლა უნდა იყოს ახალგაზრდების პერმანენტული ჩართვა, რომ 12 პუნქტის გარშემო იყოს განხილვა ზუსტად ასეთივე მოთხოვნებით და ფორმით, როგორი შედეგიც ახლა გვქონდა. ჩვენ დავანახეთ, რომ შეგვიძლია 12 პუნქტის შესრულება მოვითხოვოთ, რომ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას სჭირდება. ეს უნდა იყოს მოთხოვნა. ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან, რომ მათი მოქმედებით შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი - საზოგადოების მიდგომები, არა ვინმეს ჯიბრზე, არამედ რეალური სურათი შეიძლება დახატონ. რეალური სურათია, რომ 12 პუნქტის გარშემო 12 დღე შევიკრიბოთ - 1 დღეს ერთი პუნქტის გარშემო, მეორე დღეს მეორე პუნქტის გარშემო და 12 აქცია გვჭირდება, რომ მთავრობას კი არ ვაიძულოთ, არამედ ხელი შევუწყოთ, ამ 12 პუნქტის მიღებაში. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი მოწადინებულია 12 პუნქტის შესრულებაში“, - განაცხადა ჭყონიამ.

მისი თქმით, თუ ევროკავშირი დაინახავს ხალხის ნებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების სწრაფვისკენ, ევროკავშირმა ეს სტატუსი შეიძლება იმაზე მალე მოგვცეს, ვიდრე ჩვენ გვგონია, რადგან სტატუსს არა „ქვეყნის ხედები და ზღვა“, არამედ ხალხი იღებს.

„31 წელია სულ ამ უცხოური კომპანიების ტრენინგებზე დავდივარ და ვიცი, რომ 10 პუნქტიც, რომ შესრულდეს და 2 პუნქტი შეუსრულებელი დარჩეს, თუ დაინახავენ ევროპარლამენტარები, რომ ხალხის მოთხოვნილება მთავრობა მიჰყვება და ვერ ასწრებენ დროში, მაინც მიგვიღებენ. 10 პუნქტითაც მიგვიღებენ, თუ დაინახავენ რომ ამას ხალხი ითხოვს. სტატუსს იღებს ქვეყანა და ხალხი. აღფრთოვანებულები არიან ახლა ჩვენი ახალგაზრდობით, მიტინგებით იმ არაჩვეულებრივი ქალბატონით, რომელიც ევროკავშირის დროშით, ის იყო მოდელი, რომ ქვეყნის სურვილია, რისთვისაც ვიბრძვით.

ჩვენ უნდა დავდოთ სიტყვა, რომ ამ 12 პუნქტს სექტემბრამდე შევასრულებთ და შემდეგ მე-13 მიტინგზე უნდა გამოვიდეთ ათასობით ადამიანი და ვუპატაკოთ ევროკავშირს, რომ ჩვენ მთავრობას შევასრულებინეთ 12 პუნქტი და ახლა გთხოვთ მიგვიღოთ. ეს არ უნდა იყოს ჯიბრით. ჩვენ არავის ვებრძვით, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით და არა ვინმეს წინააღმდეგ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები