საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატი და 731 სხვა დასაქმებული პირი მუშაობს. პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად, მის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო არა პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ პარლამენტის აპარატის უფროსს აქვს, რაც თვეში 7,000 ლარს შეადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო კი თვეში 6,740 ლარია.
რიგითი დეპუტატის თანამდებობრივი სარგო თვეში 4,624 ლარს შეადგენს - ამაზე მაღალი ანაზღაურებაა გათვალისწინებული პარლამენტის აპარატის 14 მოხელისთვის, რომელშიც დეპარტამენტების უფროსები და პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეები შედიან.
ამასთანავე, პარლამენტის სისტემაში “შრომითი ხელშეკრულებით" ანუ შტატგარეშედ 173 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა ხელფასების მოცულობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის.
ამასთანავე, 119 დეპუტატს ჰყავს პირადი თანაშემწე, რომელთა ანაზღაურებებიც თვეში 1,600 ლარით არის განსაზღვრული.
პარლამენტის კომიტეტებისთვის ცალკე ადმინისტრაციული პერსონალი არის გამოყოფილი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტს 8 დასაქმებული ჰყავს, რომელთა ანაზღაურებაც თვეში 2,200-დან 3,500-მდე მერყეობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატში 15 მოხელეა, რომელთა ხელფასებიც ასევე 2,200-დან 3,500-მდე მერყეობს.
განათლების კომიტეტის აპარატი 8 მოხელისგან შედგება, გარემოს დაცვის - 9; დაგრობრივი ეკონომის - 14; დიასპორის - 7; ევროპასთან ინტეგრაციის - 10; თავდაცვის და უშიშროების - 10; იურიდიულ საკითხთა - 16; კულტურის - 8; რეგიონული პოლიტიკის - 10; საგარეო ურთიერთობათა - 9; საპროცედურო და წესების - 10; საფინანსო-საბიუჯეტო - 13; სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა - 8; ჯანდაცვის - 14.
2021 წლის მდგომარეობით, პარლამენტის ბიუჯეტი 53.7 მილიონი ლარია, აქედან პარლამენტში დასაქმებულთა სახელფასო ბიუჯეტი 25.7 მილიონ ლარს შეადგენს.
უფრო დეტალურად, პარლამენტის ბიუროკრატიული აპარატის შესახებ იხილეთ ბმულზე.