მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ თვეში დეპუტატების მიერ სხვადასხვა უწყებაში გაგზავნილი 2 594 შეკითხვიდან პასუხი 79%-ს გაეცა - პარლამენტი

642bdddf4b149
ინგა მურუსიძე
04.04.23 12:42
478
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პარლამენტის წევრების 2 594 შეკითხვა გაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში. აქედან პასუხი გაეცა 2 038 კითხვას, რაც საერთო გაგზავნილი კითხვების 79%-ია. კითხვების 21%-ზე (556 კითხვა) პასუხი არ არის გაცემული. კითხვების ყველაზე მეტი რაოდენობა 84% გაგზავნილია მუნიციპალიტეტებში, მთავრობის წევრების მიმართ გაგზავნილი კითხვების რაოდენობა 9% შეადგენს, ხოლო სხვა უწყებების მიმართ 7%-ია გაგზავნილი.

„საპარლამენტო კონტროლის ეს მექანიზმი აქტიურად გამოიყენება დეპუტატების მიერ. ხოლო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების პასუხისმგებლობა დეპუტატის კითხვაზე რეაგირებასთან დაკავშირებით საჭიროებს მეტი ყურადღების გამახვილებას. ხშირ შემთხვევაში ირღვევა პასუხის გაცემის დადგენილი ვადა. ასევე, არსებობს შემთხვევები, როდესაც პასუხის გამცემი პირი არ არის რელევანტური, ხშირად წერილს ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს. ასეთი შემთხვევა აღინიშნება გაცემული პასუხების 12%-ზე, რაც რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, კომიტეტი რეგლამენტის შესაბამისად განაგრძობს პროცესის შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს.

წარმოდგენილი ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის პარლამენტის ბიუროს გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები