მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 ქართველი ანალიტიკოსი, ვინც პოსტკრიზისული გეგმის შექმნაში მონაწილეობს

5f1154578e075
თელარა გელანტია
17.07.20 12:40
3954
საქართველო პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმის მოლოდინშია. ცნობილია, რომ მთავრობას ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმის შექმნაში USAID-ი ეხმარება. კერძოდ, სწორედ USAID-ის მხარდაჭერით, გეგმაზე კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე დიდი ოთხეულის წევრი Deloitt-ის კონსულტანტები მუშაობენ. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზების თანახმად, სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

პოსტ-კრიზისული გეგმის პირველი სამუშაო ვარიანტი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოსთვის უნდა გამხდარიყო საჯარო, მაგრამ ჯერჯერობით, დოკუმენტი ხელმისაწვდომი არაა. საქართველოს მთავრობის, უცხოელი ექსპერტების და ქართველი ანალიტიკოსების მონაწილეობით კი, რამდენიმე სამუშაო Zoom-შეხვედრა გაიმართა.

რამდენადაც ცნობილია, საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშობენ სამხრეთ კორეელი ეკონომისტი ჰა ჯუნ ჩანგი, განვითარების ეკონომიკის დარგში ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი ჯონათან დი ჯონი და ასევე, ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი კრისტოფერ კრამერი.

ვიდრე პოსტკრიზისული გეგმის პირველი ვარიანტი საჯარო გახდება, Bm.ge დაინტერესდა, ვინ არიან ქართველი ანალიტიკოსები, ვინც გეგმის შექმნის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ და პერიოდულად Zoom-ის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებს ესწრებიან.

სრული სია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა, ასე გამოიყურება:

1. გიორგი ცუცქირიძე 2. შოთა გულბანი 3. ვახტანგ ჭარაია 4. იოსებ არჩვაძე 5. ნიკო მჭედლიშვილი 6. ოთარ ანგურიძე 7. ანდრია გვიდიანი 8. ლექსო ალექსიშვილი 9. ოთარ შარიქაძე 10. გიორგი პაპავა 11. ნინო ვახვახიშვილი 12. მერაბ კაკულია 13. გიორგი ფარესიშვილი 14. მერი ჩაჩანიძე 15. გიორგი აბაშიშვილი 16. ანა ბურდული 17. სალომე გელაშვილი 18. დათო ლეჟავა 19. ოთარ ნადარაია.

bm.ge ქართველ ანალიტიკოსებს პერიოდულად დაუკავშირდება და მათ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რითაც აღნიშნული პირები შეირჩნენ, მთავრობის პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ შეთავაზება თითქმის ყველამ მიიღო და პროცესში ის ანალიტიკოსები და კვლევითი ორგანიზაციები ჩაერთნენ, ვინც ინტერესი გამოხატა. 

ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად უცხოელ ექსპერტებს რამდენიმე დღის წინ, 14 ივლისს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ. მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები სწორი და მნიშვნელოვანია. ექსპერტების რეკომენდაციით, ამ თვალსაზრისით საქართველომ ძალისხმევა უნდა განაგრძოს.

„საუბრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, რათა ქვეყანაში ბიზნესგარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და განვითარდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მობილიზების ახალი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და შესაბამისად, ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები