მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება - მინისტრი

62d5281de2604
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.22 13:37
6396
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა პროექტი, რომლითაც 2023-2025 წლებში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, დღეს საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე აღმოფხვრილი უნდა იყოს. მისი თქმით, სამიზნე მაჩვენებლით, საჯარო სექტორში ხელფასის დონე კერძო სექტორის ხელფასის 80%-90%-ის დიაპაზონში უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ის კერძო სექტორის ხელფასის მხოლოდ 74%-ს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები 2021 წელს 10%-ით უკვე გაზარდა, რაც საბაზო ხელფასის 1,100 ლარამდე გაზრდით მოხდა. მიმდინარე წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113,000 ათასი ადამიანის სახელფასო სარგო 177 მილიონი ლარით 1.83 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

“განისაზღვრა ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება გრძელვადიან ჭრილში და რა მიმართულებებს უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურება. 2026 წლის პირველი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რომლითაც ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი და ასევე 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი.

დღევანდელი მოცემულობით, საჯარო სამსახურში კერძო სექტორის საშუალო ხელფასის 74%-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებლები იცვლებოდა და საჯარო სექტორის საშუალო ხელფასები კერძოს 90-94%-საც აღწევდა, თუმცა დღეს ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე.

მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაიზარდოს ხელფასები დაახლოებით 10%-ით ყოველწლიურად, რათა მიღწეული იყოს ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. ეს შინაარსობრივად ნიშნავს, რომ 2023, 2024, 2025 წლებში იქნება ზრდები. ეს პარამეტრები განიხილება ბიუჯეტის წარდგენის დროს,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქსტატის მონაცემებით, რაც 2020 წლის შედეგებს ასახავს, კერძო სექტორის საშუალო ხელფასი 1,285 ლარი, საჯარო სექტორის საშუალო ხელფასი კი 1,024 ლარი იყო.

საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და აიპ-ებში არიან დასაქმებული. საგულისხმოა ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ჯამურ მონაცემს თუ რამდენი მილიარდი ლარი იხარჯება საჯარო სექტორში დასაქმებული 301,000 ადამიანის ხელფასზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა (113,000 პირის) ხელფასებს აღრიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები