მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგენტების კანონის ე.წ. ამერიკული ვერსია 9 მარტის პლენარულზე აღარ განიხილება - პარლამენტი

640869212cf74
ინგა მურუსიძე
08.03.23 17:36
1800
„ქართულმა ოცნებამ“ აგენტების შესახებ კანონის მეორე ე.წ. ამერიკული - "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიას პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დამტკიცების გარეშე გაუგზავნა.

შესაბამისად, აგენტების კანონის ე.წ. ამერიკული ვერსია 9 მარტის პლენარულ სხდომაზე აღარ განიხილება. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის დაუდასტურეს როგორც პარლამენტის პრესსამსახურში, ისე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმაც. 

შეგახსენებთ: მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსიას ვენეციის კომისიაში მას შემდეგ გაგზავნიდნენ, რაც პარლამენტი მათ პირველი მოსმენით მიიღებდა.

პარლამენტის პრესსამსახურში არ უპასუხეს bm.ge-ს კითხვას - რატომ გადაწყდა ე.წ. ამერიკული ვერსიის ვენეციის კომისიაში პლენნარულ სხდომაზე გაუსვლელად გაგზავნა.

ცნობისთვის: პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო აგენტების შესახებ კანონის ე.წ. რუსული ვერსია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

მისივე თქმით, ზაფხულამდე ანუ იქამდე, ვიდრე ვენეციის კომისიისგან დასკვნა არ გამოიგზავნება, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტების განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღარ განახლდება.

„დოკუმენტი უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში და იქიდან პასუხის მიღებას მინიმუმ 3 თვე დასჭირდება“, - თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის გუშინ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა მხარი დაუჭირა - 76 დეპუტატი მომხრე, 13 - წინააღმდეგი.

აღსანიშნია, რომ საქართველოს პარტნიორები, როგორც აშშ, ისე, ევროკავშირი აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“ - ეწერა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კანოპროექტის მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე“ - ეწერა ამავე საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს საქართველოს მოქალაქეებმაც. დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 66 ადამიანი.

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას წერილს სწერს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები