მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის საპროექტო დოკუმენტაციის გასაახლებლად სახელმწიფო კომპანია მიმდინარე კვირას ფუძნდება - მინისტრი

640f1008de0ff
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 16:07
814
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის შესასრულებლად მიმდინარე კვირას სახელმწიფო კომპანია დაფუძნდება. ეს კომპანია ქონების ეროვნული სააგენტოს ქვეშ შეიქმნება და ის პორტის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესაბამისად კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც პორტის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს.

„დღეისთვის საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული და ამ პროცესში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ. ეს ძირითადად წამყვანი საპორტო ოპერატორები ან მშენებელი, ან კონსორციუმის კუთხით კომპანიები არიან, რომლებიც დღეს ჩვენს სააგენტოსთან ინფორმაციას აქტიურად ცვლიან. რამდენიმე ეტაპია და აქედან პირველი ეტაპის დასრულებამდე დაახლოებით ერთი თვე დარჩა, ამის შემდეგ პირველადი ინფორმაცია გვექნება. შემდეგ უნდა გადავიდეთ წინადადებების მოთხოვნის ეტაპზე, როდესაც პარამეტრები და პირობები უნდა დავაზუსტოთ, რომლებიც ინტერესთა გამოხატვის დროს პოტენციური ინვესტორების და პარტნიორების მხრიდან ფიქსირდება. იმედი გვაქვს, წლის განმავლობაში ასეთ პარტნიორს შევარჩევთ.

პარალელურად ის ტერიტორიები, სადაც პორტის განვითარება უნდა მოხდეს სახელმწიფოს - ქონების მართვის სააგენტოს ეკუთვნის, რომელიც მიმდინარე კვირაში სახელმწიფო კომპანიას დააფუძნებს, რომელიც არსებული დოკუმენტების განახლებას დაიწყებს. ეს იქნება გარემოს ზემოქმედების არსებული დოკუმენტაცია, არსებული ტექნიკური საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია, რათა მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების დაწყება და მობილიზება შევძლოთ, რომ დრო არ დაიკარგოს. შემდგომში ეს ყველაფერი იმ კამპანიის ნაწილი იქნება, სადაც ჩვენ კერძო პარტნიორს შევარჩევთ. ძალიან მკაფიო გეგმა გაგვაჩნია ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით და გეგმაზომიერად მივყვებით მის შესრულებას“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს BM.GE-მ არამხოლოდ პროექტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის, არამედ იმის შესახებაც ჰკითხა პროექტის 51%-იანი წილის მმართველი სახელმწიფო ანაკლიის პორტის ასაშენებლად ხომ არ გეგმავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაკორექტირებას, რაზეც ლევან დავითაშვილს პასუხი არ გაუცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები