მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM-თან ფაქტობრივად ყველა პირობა შევათანხმეთ - მინისტრი ფოთის პორტის ახალ ტერმინალზე

631aef5c9caed
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.22 12:00
1195
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM-თან ახალი ტერმინალის მშენებლობის პირობების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რა შეთანხმებაზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ახლა ჯერი ინვესტორზეა, რათა მან პორტის გაფართოების პროექტი დაიწყოს.

APM Terminals-ის სახელმწიფოსა და მთავრობის დაქირავებულ საერთაშორისო იურიდიულ ფირმას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადების მიუხედავად, უცნობია ოფიციალურად დასრულდა თუ არა მოლაპარაკებების ეტაპი. პროექტი $200 მილიონამდე ინვესტიციას ითვალისწინებს.

“APM-თან ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია. ჩვენ ფაქტობრივად ყველა პირობა შევათანხმეთ და მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალები რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდაც რეალურად არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერაა, რათა ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, გაფართოება მოახერხოს. ასე რომ ვფიქრობ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ხელშემშლელი არაფერია. ესაა ინვესტორის გადაწყვეტილება რამდენ ინვესტიციას გააკეთებს,” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თავად პორტის გაფართოების პროექტის შესახებ საუბარია APM-ის 2021 წლის მმართველობით ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ახალ ნავმისადგომს შემდეგი პარამეტრები ექნება:

“პროექტი მოიცავს დამატებითი, 1,800 მეტრიანი ტალღთმტეხის, 400 მეტრიანი სანაპირო ნავმისადგომისა და 25 ჰექტარი სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ზედსტრუქტურებით. გაფართოების პროექტი მიმართულია ორივე, ნაყარი მშრალი და საკონტეინერო ტვირთებისკენ და საშუალებას მისცემს ნავსადგურს მოემსახუროს 250 მ. საერთო სიგრძის და 13.5 მ. სიღრმის წყალშიგის მქონე გემებს და ამით ნავსადგურს საშუალებას ეძლევა გაუმჯობესებული სამომხმარებლო წინადადებების შეთავაზებისთვის უფრო დიდი ტევადობის გემების მომსახურებისა და უფრო სწრაფი ბრუნვის უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია დოკუმენტში.

BMG-იმ ივნისში პროექტის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით მიმართა, თუმცა სამინისტრომ მოლაპარაკებათა დეტალების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხი არ გასცა. 

ფოთის პორტის ოპერატორს APM Terminals-ს 2021 წელს 187 მილიონი ლარის შემოსავალი და 83 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები