მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვთ თუ არა მერებს 2,000 ლარის ხელფასი?-"ფაქტჩეკის" კვლევა აჩვენებს, რომ პრემიერის განცხადება მცდარია

6113bb9e336e3
BM.GE
11.08.21 15:50
6571
9 აგგვისტოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით მერების ხელფასები თვეში 2,000 ლარია, რაც შეუფერბლად დაბალი ანაზღაურებაა, რის გამოც მათი ხელფასები გაორმაგდება. თუმცა, როგორც "ფაქტჩეკის" კვლევიდან ირკვევა, მართალია ზოგიერთი მერის ხელფასი მართლაც 2,000 ლარია, თუმცა არაერთი მერი ამაზე უფრო დიდ ანაზღაურებას იღებს. 

"გავზრდით მერების ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მართლაც მერმა იმუშავოს 1800-2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს ან ბათუმს, რაც არის უზარმაზარი ქალაქი,"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ფაქტჩეკის დასკვნა - მართლაც აქვთ თუ არა მერებს 2,000-ის ხელფასები:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შრომის გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და დანამატს მოიცავს. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი დაამტკიცა.

აღნიშნული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განსაზღვრული ყველა რანგის სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს ზღვრულ მაჩვენებელს აწესებს. თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილის მიხედვით (მუხლი 5.3).

კანონი ასევე ადგენს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ზღვრულ ოდენობას - სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა- თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს (მუხლი 26). ფულადი ჯილდოს წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პირის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს (მუხლი 28).

ამავე კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევა (მუხლი 20, მუხლი 21). აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე და მერის მოადგილეები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან („საჯარო სამსახურის შესახებ“ თავი I, მუხლი 3), შესაბამისად, კანონის მიხედვით, ისინი სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს არ იღებენ.

კანონი „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტად 8.50 დადგინდა, მერის პირველი მოადგილის - 7.5 და მერის მოადგილის 7.25. შესაბამისად, 2018 წლიდან თბილისის მერის თანამდებობრივი სარგო 3 180 ლარით, ვიცე-მერის - 6 300 ლარით, მოადგილეების კი 6 150 ლარით განისაზღვრა.

რუსთავის მერის ანაზღაურება 4500 ლარს შეადგენს, მისი პირველი მოადგილის - 4000 ლარს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ტაბაღუას, როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, 2020 წლის ანაზღაურებამ 43 416 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მისი თვიური თანამდებობრივი სარგო[ხელზე ასაღები] 3 618 ლარი იყო.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას 2020 წლის თანამდებობრივმა სარგომ ჯამში 25 872 ლარი შეადგინა, თვეში - 2 156 ლარი.

ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2019 წელს მერის თანამდებობაზე მუშაობისას ხელფასის სახით ჯამში 26 531 ლარი მიიღო, თვეში - 2 210 ლარი.

ბათუმის ყოფილი მერის ლაშა კომახიძის 2019 წლის ანაზღაურებამ დეკლარაციის მიხედვით 42 336 ლარი შეადგინა, რაც თვიურად 3 528 ლარია.

გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის შრომის ანაზღაურება 2020 წელს დეკლარაციის მიხედვით 42 336 ლარი იყო, თვეში - 3 528 ლარი.

მარნეულის ყოფილი მერის ზაურ დარგალის მერად მუშაობის 6 თვის გასამრჯელომ 2019 წლის დეკლარაციით 22 140 ლარი შეადგინა, შესაბამისად თვეში მისი ანაზღაურება 3 690 ლარი იყო.

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის დეკლარაციის მიხედვით, 2019 წლის შრომის ანაზღაურებამ 30 720 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მერის თვიური ხელფასი 2560 ლარი იყო.

ხაშურის ყოფილი მერის 2018 წლის დეკლარაციის შესაბამისად, მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 29 400 ლარი შეადგინა, თვიურად - 2450 ლარი.

ბოლნისის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დავით შერაზადიშვილის თანამდებობრივმა სარგომ წლის განმავლობაში 37 446 ლარი შეადგინა, რაც თვიურად 3 120 ლარია.

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მიერ შევსებული 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი 2019 წლის ანაზღაურება 33 768 ლარი იყო. შესაბამისად, თვიურად -2 814 ლარი.

ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ 2019 წელს შრომის ანაზღაურების სახით 30 323 ლარი მიიღო, რაც ერთი თვის განმავლობაში 2526 ლარს შეადგენს.

შოთა ნარეკლიშვილმა, თელავის მერის თანამდებობაზე მუშაობისას, ერთი წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს სახით 37 200 ლარი მიიღო, თვეში -3 100 ლარი.

ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის წლიურმა ანაზღაურებამ 36 000 ლარი შეადგინა, თვეში -3000 ლარი.

საჩხერის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა მერად მუშაობისას ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 28 224 ლარი მიიღო. შესაბამისად, თვეში -2 352 ლარი.

ჭიათურის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2019 წლის 6 თვეში მერად მუშაობისას გივი მოდებაძის ანაზღაურება 15 586 ლარი იყო, რაც თვეში 2 597 ლარს შეადგენს.

ზუგდიდის ყოფილმა მერმა გიორგი შენგელიამ მერად მუშაობისას 2019 წლის ექვს თვეში ანაზღაურების სახით 14 850 ლარი მიიღო, რაც თვეში 2 475 ლარია.

მესტიის მერის მიერ 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კაპიტონ ჟორჟოლიანის წლიურმა ანაზღაურებამ 25 231 ლარი შეადგინა, რაც თვიურად 2 102 ლარია.

ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ 2019 წელს ანაზღაურების სახით 27 002 ლარი მიიღო, რაც თვეში 2 550 ლარს შეადგენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკლარაციაში მერების მიერ ანაზღაურების სახით ხელზე ასაღები თანხა არის მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დარიცხული შრომის ანაზღაურება დასახელებულ თანხებს 25%-ით აღემატება.

განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ მერის ანაზღაურება 1800-2000 ლარის ფარგლებში, როგორც პრემიერი ასახელებს, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის.

ზოგ მუნიციპალიტეტში მერის ანაზღაურება 2000 ლარს მხოლოდ მცირედით აღემატება, თუმცა არის მუნიციპალიტეტები, სადაც მერების ანაზღაურება 2000 ლარზე მნიშვნელოვნად მეტია (მაგ: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, მარნეული, ბოლნისი, თელავი, ოზურგეთი და ა.შ.)

აქედან გამომდინარე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი,"- ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.



 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები