მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასერტიფიცირებულ გიდებზე არანაირი შეზღუდვა არ გავრცელდება - სონღულაშვილი

64908440086f9
თელარა გელანტია
19.06.23 22:00
943
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის და „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის დავით სონღულაშვილის მტკიცებით, ახალი კანონი არასერტიფიცირებულ გიდებზე არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტურისტული გიდებისთვის სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება.

საქმე ის არის, რომ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის“.

BMG დაინტერესდა, რას ნიშნავს განმარტებით ბარათში არსებული აღნიშნული ჩანაწერი, თუ კანონპროექტი ტურისტული გიდების მხოლოდ ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

„ეს იყო ხარვეზი, რომელიც კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ძველი ვერსიიდან დარჩა. გიდების სერტიფიცირება, გარდა მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გიდებისა, არაა სავალდებულო. შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა არ გავრცელდება არასერტიფიცირებულ გიდებზე; მხოლოდ და მხოლოდ იქნება დამატებითი სტიმულები სერტიფიცირებული გიდებისთვის, რაც ვფიქრობ, ხარისხზეც აისახება“, - თქვა დავით სონღულაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში.

მაგალითად, „ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.

გიდების სერტიფიცირებაზე საუბრისას, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს წამყვანმა ასევე ჰკითხა, რატომ უნდა გასცეს გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, როცა ტურისტული გიდის სერტიფიცირებას სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული იურიდიული პირი (აკრედიტირებული პირი) განახორციელებს. აღსანიშნია, რომ კანონპროექტის ამ ნაწილზე შენიშვნები გიდებსაც ჰქონდათ.

„შეგვიძლია, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ - ეს ფუნქცია ტურიზმის ადმინისტრაციაში დარჩეს თუ სჯობს, დარგობრივმა ასოციაციამ გასცეს გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობა. კანონპროექტი საკმაოდ კომპლექსურია. მისი განხილვები იწყება და რომელიმე ასოციაციას პროცესში ჩართვის სურვილი ექნება, მათ კომიტეტთან კომუნიკაცია არ უჭირთ. ბევრი სხვა საკითხი განგვიხილავს ერთად და ამ საკითხთან დაკავშირებითაც თუ არგუმენტები მისაღებია, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები