პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 2020-2021 წლებში 225 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცის მოზიდვა იგეგმება, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტოს მენეჯმენტი ყოველთვის ცდილობს თავის თავს დაუწესოს კონკრეტული წარმატების ინდიკატორები და კონკრეტული გეგმები.
„ზუსტად ასე მოვიქეცით ინვესტიციების მიმართულებით და გვაქვს დასახული გეგმა, რომ 2020-2021 წლებში უნდა მოვიზიდოთ 225 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც არის 3500 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და ამ ყველაფრისთვის ჩვენ უნდა განვახორციელოთ სამუშაო.
კერძოდ, 3500 კომპანიიდან უნდა შეირჩეს 350 სამიზნე კომპანია, რომელთანაც შემდეგ მიდის ვიზიტები, საინვესტიციო შეთავაზებების მიცემა და ასევე მათი ვიზიტების ორგანიზება საქართველოში. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ სექტორულ რეიტინგებში საქართველო მუდამ იყოს წარმოდგენილი, ვახორციელებთ საინვესტიციო კვლევებს და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩვენთან, სააგენტოში დაინერგა CRM ბაზა, რომელიც როგორც სააგენტოს, ასევე სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციური ბაზა დარჩეს ორგანიზაციაში და როცა ახალი მენეჯმენტი ჩაუდგება სათავეში სააგენტოს, ზუსტად იცოდეს, რა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით“, - განაცხადა ხიდურელმა.