მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების კომპანიებისთვის ახალი წესები 2 კვირაში ამოქმედდება – "კითხვებს ვსვამთ, პასუხები არ გვაქვს"

620b94c908a89
მარიამ ვარადაშვილი
16.02.22 09:40
1828
გასული წლის ბოლოს მიღებული "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე 1-ელ მარტამდე "აკრძალულ" და აზარტულ თამაშებზე “დამოკიდებულ” პირთა მონაცემთა ბაზები უნდა შეიქმნას.

BMG შეეცადა, გაერკვია რა ეტაპზეა მონაცემთა ბაზების შექმნის საკითხი და როგორ გადამოწმდება მონაწილეთა პერსონალური ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მუშაობენ და კანონით დადგენილ ვადებში შეიქმნება ბაზები. აქ თავმოყრილი იქნება ყველა იმ ადამიანის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ერთი მხრივ, კანონი უკრძალავს აზარტულ თამაშებში ჩართვას(ესენი არიან საბიუჯეტო და მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირები, ასევე სოციალურად დაუცველები), მეორე მხრივ კი აქვე იქნებიან წარმოდგენილი ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ან ოჯახის წევრების მოთხოვნით შეყვანილი იქნებიან ე.წ. შავ სიაში და აეკრძალებათ თამაში. 

სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი bm.ge–სთან ამბობს, რომ ახალ კანონზე მორგება და ამ საკითხებზე მუშაობა სექტორთან კონსულტაციით ხდება. უშუალოდ მონაცემთა ბაზების შექმნაზე კი შემოსავლების სამსახურია პასუხისმგებელი.

“პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, რასაც გეგმავდნენ, დრო სჭირდება. გარანტია არ გვაქვს იმის, რომ სერვისი 24/7 ონლაინ რეჟიმში იქნება ჩართული, რადგან ჩამოყალიბებული არ არიან იმაზე, მაგალითად სერვერი თუ გაითიშა, ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ კითხვებს ვსვამთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხები არ გვაქვს. ფაქტობრივად, გამოდის ისე, რომ მიიღეს გადაწყვეტილება და ახლა ფიქრობენ მის შესრულებაზე. მთელი კანონპროექტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აიგო ერთ სიტყვაზე და დღეს ფიქრობენ ამ პრობლემების გადაჭრაზე”,-ამბობს მამულაიშვილი.

მისი განმარტებითვე, ასაკობრივი აკრძალვის გადამოწმება ძალიან მარტივია და ამას აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიებიც შეძლებენ. თუმცა სხვა შემთხვევებში მდგომარეობა რთულდება. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ შემოსავლების სამსახურის სერვისი გაითიშება, არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ უნდა გადაამოწმონ მომხმარებელი.

“როგორ მოვიქცე მუშაობა გავაგრძელო და როცა ჩაირთვება მომხმარებელი შემდეგ გადავამოწმო?! ასეთი ელემენტარული რაღაცებიც კი პრობლემაა და ამაზე არ უფიქრიათ. ყოველთვის ვამბობ, რომ ბიზნესთან კონსულტაციები იმისთვის არის საჭირო, რადგან ხელისუფალმა მსგავსი ნიუანსები არ იცის”,-ამბობს მამულაიშვილი.

 დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით დგინდება, ხოლო აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი - მთავრობის ნორმატიული აქტით.

“პრობლემა არის სიები, რომლებზეც წვდომა უნდა გვქონდეს და რომლებიც უნდა მოგვაწოდონ, როგორც ონლაინ ოპერატორებს, ასევე კაზონოებს. არ ვიცი პორტალის სახით იქნება თუ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოგვცემენ ამ სერვისს და მისი მეშვეობით გადამოწმდებიან მოქალაქეები. ბევრი მომხმარებლის პირობებში რამდენად გაუძლებს მათი ინფრასტრუქტურა ამას, სიმართლე გითხართ, არ ვიცი. მაგალითად, თუ შეხვედით საიტზე და თამაშობთ, ყოველ 15 წუთში ერთხელ თავიდან უნდა დაიწყოთ სესია. ერთი წუთის განმავლობაში შესაძლოა 200-300 მომხმარებელს დასჭირდეს მიმართვა სესიის თავიდან დასაწყებაზე”,-აცხადებს მამულაიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები