რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ისევ იზრდება.
გასულ 24 საათში WTI Crude-ის ღირებულება 2.6%-ით გაიზარდა და ამჟამად 107 დოლარს აღწევს, ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი კი 2.7%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 111 დოლარს აჭარბებს.
მიმდინარე ფასების პარალელურად, იზრდება სამომავლო კონტრაქტების, ანუ ფიუჩერსების ფასებიც. Market Watch-ის მონაცემებით, ივნისის კონტრაქტები ბირჟაზე ამჟამად 106 დოლარად ივაჭრება, აგვისტო-სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 102-103 დოლარის ფარგლებში მერყეობს, დეკემბრის ფიუჩერსების შეძენა კი ამჟამად დაახლოებით 98 დოლარადაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე კვირის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასი 93-100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ფიუჩერსების ღირებულება კი 90 დოლარამდე იყო შემცირებული.
უკანასკნელ პერიოდში ნავთობის მკვეთრად გაძვირების განმაპირობებელი მთავარ მიზეზი ჩინეთში კოვიდ-რეგულაციების მოხსნა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემის გაჩენის რისკების ზრდაა. ინვესტორებს და ტრეიდერებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალში მოგვარდება და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნავთობის მიწოდებას საფრთხე არ შეიქმნება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ოფიციალური პოზიციაც, რომელიც, მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდას არ გეგმას.
ასევე, OPEC-მა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვამ, შესაძლოა, ევროპის მასშტაბით მწვავე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს, მოკლევადიან პერსპექტივაში კი რუსეთის სრულად ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია.
























