საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, EU-ს წევრი 27 ქვეყნის ელჩთან ერთად ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დემარშის წერილი გადასცეს. EU-ს დემარში საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას უკავშირდება. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრმა დღევანდელ შევხვედრაზე დიპლომატებს ფაქტობრივად იგივე არგუმენტები წარუდგინა ფრენების აღდგენისთვის, რაც საქართველოს მთავრობისგან აქამდეც სმენიათ.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, საქართველოს მიერ რუსეთთან ფრენების აღდგენა უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ევროპულ ასპირაციაზეც.
"ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღდგენილიყო, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა საქართველოს მთავრობის თანხმობას. სწორედ ამიტომ მე დამავალეს, რომ გადმომეცა გზავნილი, რომელსაც უერთდება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, რომ სამწუხაროა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დაუშვა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა. ბატონმა ლევან დავითაშვილმა გადმოგვცა იგივე გზავნილი, რაც საქართველოს მთავრობისგან აქამდეც გვსმენია, რომ ქვეყანაში არც სანქცირებული ავიაკომპანია და არც სანქცირებული ბორტი არ დაეშვება. თუმცა, სამწუხაროდ ასეთი პოზიცია არის ნაკლული, რადგანაც ის არ მოიცავს ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ რუსეთთან აეკრძალა ყველა ფრენა რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით. ყველა ავიაკომპანია და ყველა რეისი აკრძალულია. ამასთანავე, აკრძალულია რუსული თვითმფრინავების ფრენა ჩვენს საჰაერო სივრცეში. ეს არის გაკეთებული იმისთვის, რათა გავლენა მოვახდინოთ რუსეთზე და რუსეთის ქმედებაზე.
რა თქმა უნდა ეს კარგ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა საბოლოოდ 27 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტი იქნება რა გავლენას მოახდენს ეს ევროპულ ასპირაციაზე, იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე უფრო წინ წავიდეს,"- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.