მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნეს სახლი" არ შეიქმნება, თუმცა მისთვის 10 მლნ-იანი შენობა მაინც შენდება-რას აპირებს მთავრობა?

5dbca78a7c4d9
თელარა გელანტია
02.11.19 09:50
2187
ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ სივრცეში 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება, და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის საქმიან და მეგობრულ გარემოში წარმართვა - ესაა ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ბიზნეს სახლი უნდა აშენებულიყო.

„ეს არის ფაქტობრივად რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს. თვისობრივად გააუმჯობესებს მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს მომსახურებაზე”, – გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის რანგში ეს სიტყვები 2016 წლის სექტემბერში, ორთაჭალაში თქვა, სადაც „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა; სიმბოლური კაფსულაც ჩაიდო.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მაგრამ ბიზნეს სახლი ამ დრომდე არ ამოქმედებულა. როგორც bm.ge-მ გაარკვია, ბიზნეს სახლი იმ კონცეფციით, რითაც 2016 წელს მისი შექმნა დაანონსდა, არც ამუშავდება, თუმცა ორთაჭალაში ბიზნეს სახლისთვის შენობის აშენება აქტიურად მიმდინარეობს.

კონსტრუქციას კომპანია „ენსისი“ აშენებს. სამუშაოების ღირებულება 10 მლნ ლარია, დამკვეთი კი, სახელმწიფო მომსახურების ბიუროა, რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შვილობილი კომპანიაა ანუ რეალურად, დამკვეთი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

„ენსისის“ წარმომადგენელმა ირაკლი კვერნაძემ bm.ge-ის უთხრა, რომ მართალია, პროექტს ბიზნეს სახლი ჰქვია, მაგრამ მისთვის უცნობია, ობიექტის საბოლოო ფუნქცია. კომპანიაში იციან, მხოლოდ ის, რომ შენობის კარკასის მშენებლობა 2-3 თვეში უნდა დაასრულონ. ობიექტის ჩაბარების თარიღი 2020 წლის თებერვალია - ასე წერია საინფორმაციო ბანერზეც, რომელიც როგორც ჩანს, გაანახლეს, რადგან მშენებლობა, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყო, 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.

რა იქნება ბიზნეს სახლისთვის აშენებული შენობის ფუნქცია?

„ჩამოვყალიბდებით შემდგომში როგორ განვკარგავთ მას (შენობას)... შენობას გავყიდით ან შეიძლება რომელიმე უწყება გადავიდეს, ტყუილად არ დაიკარგება... ჩვენ მას განვკარგავთ ისე, რომ ის თანხა (იგულისხმება 10 მლნ ლარი) ტყუილად დახარჯული არ იქნება. ეს შენობა ჩვენი საკუთრებაა. ძალიან მიმზიდველი ობიექტია და ვიზრუნებთ მის განკარგვაზე“, - ასე პასუხობს bm.ge-ის შესაბამის კითხვას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ ბიზნეს სახლი იმ ფორმით, როგორც ეს 2016 წელს გაჟღერდა, არ ამოქმედდება.

„ბიზნეს სახლის კონცეფცია, პირველ რიგში, ესაა ერთიანი, გამარტივებული სერვისები და ჩვენ ამ ერთი ფანჯრის პრინციპის ფარგლებში, ვამუშავებთ და ბიზნესს შევთავაზებთ ვირტუალურ ბიზნეს-სახლს. ანუ ეს რას ნიშნავს - ადამიანებისთვის ბიზნეს სახლის ფარგლებში, თავიანთ რეგიონებში, სოფლებსა თუ ქალაქებში, უკეთეს შემთხვევაში სახლიდან გაუსვლელად პერსონალური კომპიუტერით უნდა იყოს შესაძლებელი, რომ მიიღონ სხვადასხვა სერვისები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაერთიანებთ ქონების და მომსახურების სააგენტოებს.

ამასთან, უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციას, როგორ განვახორციელებთ ერთიანი ფრონტ-ოფისის ამოქმედებას, მაგრამ არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით და ისეთი პროგრამები, როგორიცააა „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მურნეობის პროგრამები, ტურისტული პროგრამები და ა.შ. იქნება ერთიანი ფრონტით წარმოდგენილი, რათა ადამიანებს სერვისების მიღება გაუმარტივდეთ.

რაც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, ძვირადღირებული შენობა სრულიად არაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა თავ-თავიანთ სოფლებში მიიღონ სახელმწიფო სერვისები.

ბიზნეს სახლი იქნება განთავსებული არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით. მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ იუსტიციის სახლთან, რადგან მას აქვს ყველაზე კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ამოცანა ის კი არაა, რომ ადამიანი თბილისში ჩამოვიყვანოთ სერვისების მისაღებად, არამედ ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც არის, იქ მივაწოდოთ საჭირო სერვისი“, - განუცხადა bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 10 მლნ ლარი არაა ის სრული თანხა, რაც ბიზნეს სახლისთვის გამოიყო. 2017 წლის ბოლოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 82 მლნ ლარი გადაურიცხა, რომელიც ამ დრომდე სხვადასხვა კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე დევს და სარგებელი ერიცხება.

„ეს თანხა არ დაიკარგება და ძალიან ეფექტურად იქნება გამოყენებული“, - პირობას დებს ეკონომიკის მინისტრი.

Bm.ge მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ელოდება ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენი მლნ ლარის სარგებელი დაერიცხა ბანკებში განთავსებულ 82 მლნ-ს. ასევე, საინტერესოა, რაში დახარჯავს მთავრობა ათობით მილიონ ლარს, რომელიც თავის დროზე ბიზნეს სახლის პროექტისთვის გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები