მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის გადაცემა ნებადართული გახდება- კანონპროექტი

63eb9060a5e1d
მარიამ დემეტრაშვილი
15.02.23 09:00
1432
პარლამენტში „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. დოკუმენტის თანახმად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს შეუძლია სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს ან უშუალოდ ბენეფიციარს გადასცეს ჭარბი სურსათი, შეწირულობის სახით, იმ პირობით, რომ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი არის ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს სურსათის შეწირულობის და შემდგომი გადანაწილების პროცესთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას. იგი ვალდებულია უზრუნველყოს ჭარბი სურსათის გადანაწილება, უპირატესად ღარიბი და სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვებისადმი მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

კანონპროექტის ძირითადი ამოცანებია: სურსათის ნარჩენებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და შეზღუდვა; ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის მიწოდების წახალისება და უვნებელ სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება.

პარალელურად, ცვლილებები იგეგმება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“. თანმდევი ცვლილებებში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სურსათის შემოწირულობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მოხდება. უფრო კონკრეტულად, ისეთი სურსათის შეწირულობა და გადანაწილება, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარი იქნება.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატთა ჯგუფია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები