უძველესი შვეიცარიული ბანკი მორიგი გამოწვევის წინაშეა, ამჯერად Credit Suisse-ს 2008 წლის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში 495 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
საქმე იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით საკითხს უკავშირდება, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილი საინვესტიციო ბანკი და ჰეჯ-ფონდი იყო ჩართული, მათ შორის, Credit Suisse-იც.
ნიუ-ჯერსის შტატის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, 2005-2009 წლებში შვეიცარიული ბანკი 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების ტრეიდინგში იყო ჩართული, 2008 წლის კრიზისის პერიოდში დაფიქსირებული ზარალის მოცულობამ კი 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული სასამართლო დავა თითქმის ათი წელია მიმდინარეობს, თუმცა მის საბოლოოდ დასრულებას, ჯარიმის მიუხედავად, Credit Suisse-ის მენეჯმენტი პოზიტიურად შეხვდა.
2008 წლის კრიზისის შემდეგ, Credit Suisse-ი არაერთ სასამართლო დავაში აღმოჩნდა, მათ შორის ბანკისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანის მომტანი გასულ წელს დასრულდა სადაზღვევო კომპანია MBIA-სთან - ჯარიმის მოცულობამ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.
მიუხედავად დასრულებული დავებისა, Credit Suisse-ის მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული, აშშ-ში ბანკის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო, ბიძინა ივანიშვილთან დავა კი ჯერაც არ დასრულებულა. გარდა ამისა, მარეგულირებლის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, იზრდება იმის შანსი, რომ Credit Suisse-მა აშშ-ის ბაზარი დატოვოს, ბანკის ძირითადი საქმიანობის პროფილი კი შეცვალოს.
ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, Credit Suisse-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ერთწლიან ჭრილში 54%-ითაა შემცირებული, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 11.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა 2007 წელს მისი საბაზრო ღირებულება 88 მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო.




























