მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Crosty-მ პირველი კონცეპტუალური მაღაზიის გახსნისთვის 70 ათასი ევროს ინვესტიცია ჩადო

60b787ea4c514
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.21 23:25
1320
სპორტული ფეხსაცმლის ქართულმა ბრენდმა Crosty-მ თბილისში, პირველი კონცეპტუალური მაღაზიის გახსნისთვის 70 000 ევროს ინვესტიცია ჩადო, რითიც დამატებით ცხრა სამუშაო ადგილი შექმნა.

როგორც Crosty-ის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა გიორგი მიქაიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა, პირველი მაღაზიის გახსნა კომპანიის სტრატეგიის ცვლილებიდან გამომდინარეობს.

„პანდემიის პერიოდში ჩვენს სფეროს განსაკუთრებით, დიდი პრობლემები შეექმნა. მანამდე სტრატეგიულად ფიზიკური მაღაზიის გახსნაზე არ ვფიქრობდით და სხვადასხვა მულტიბრენდულ მაღაზიებში შევდიოდით, როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ შოუ-რუმები მილანსა და ნიუ-იორკში გვქონდა და კომპანიას ამ მიმართულებით ვავითარებდით. პანდემიის გავლენით რიტეილში შექმნილი სირთულეების გამო სტრატეგია შევცვალეთ და პირდაპირ - მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიაზე გადავერთეთ და ვიწყებთ მაღაზიების გახსნას. პირველი მაღაზია თბილისში გავხსენით, რადგან Crosty ქართული ბრენდია“, - განაცხადა გიორგი მიქაიამ.

Crosty-ს კრეატიული დირექტორი აღნიშნავს, რომ მაღაზიაში დასაქმებულებმა გადამზადება გაიარეს და კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმა სხვა ქვეყნებში მაღაზიების გახსნის შემთხვევაშიც გავრცელდება.

„პირველი მაღაზიის გახსნა ჩვენთვის გამოწვევა იყო. თანამშრომელთა გადამზადების გეგმის შემუშავებაზე დიდი დრო დაგვჭირდა. დღეს პროგრამა უკვე შემუშავებულია და ამ პროგრამით სხვა ქვეყნებში კადრებს თავისუფლად გადავამზადებთ“, - ამბობს ის.

ქართული ბრენდის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ Crosty-ს მაღაზია განსხვავებული კონცეფციის იქნება. „ჩვენი სტრატეგია გლობალური ქართული ბრენდის შექმნა იყო, შესაბამისად გარე მარკეტინგით დავიწყეთ. შეცვლილი სტრატეგიის მიხედვით ვხსნით მაღაზიებს, რომელსაც ტიპური დატვირთვა არ ექნება. ეს კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელშიც ჩვენი შოპინგისა და არტ-გამოცდილება ერთმანეთში ერთიანდება. ეს ბრენდის გამოცდილების გასაზიარებელი ადგილი იქნება და ფიზიკურგაყიდვებთან შედარებით, ციფრულ მარკეტინგს გავაძლიერებთ“, - აღნიშნა Crosty-ს დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, გაყიდვების 28% ფიზიკურ გაყიდვებზე მოდის, თუმცა პანდემიამ ცხადყო რომ ციფრული მიმართულების გაძლიერება, რასაც კომპანია მანამდეც ახორციელებდა, დღეისთვის პრიორიტეტია. გიორგი მიქაია ამბობს, რომ ჯერჯერობით კომპანია მეორე მაღაზიის გახსნას არ აპირებს

„ონლაინ გაყიდვებს პანდემიის პერიოდში ძალიან დიდი "ბუსტი" ჰქონდა. პანდემიის პერიოდში ჩვენ ასეთუ ისე მზად აღმოვჩნდით, რადგან ჩაკეტვამდე მარაგები შექმნილი გვქონდა, ბოლო პერიოდში, როდესაც მატერიალების საწარმოები დახურული იყვნენ და ვეღარ ჩამოვიტანეთ, ცოტა შეფერხება გქვონდა, თუმცა ძალიან სწრაფად ამოვედით აქედან და განვითარების ტემპით კმაყოფილები ვართ.

საქართველოში მეორე მაღაზიის გახსნას ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, მაგრამ აუცილებლად შევხედავთ მდგომარეობას. გაყიდვების მთავარი არხი მაინც ელექტრონული კომერცია იქნება. მაღაზიები უნდა იყოს გამოცდილებისა და ხარისხის გადმოცემის წერტილი. ყველა დიდი მოდის ბრენდი გადართულია ელექტრონულ კომერციაზე და პანდემიის პერიოდმაც დაგვანახა, რომ ეს ბევრად ეფექტურია“, - თქვა გიორგი მიქაიამ.

მან აღნიშნა, რომ კომპანიის განახლებული სტრატეგიით, დღეს Crosty აქცენტს რეგიონზე აკეთებს.

„ვფიქრობთ, კომპანია ჯერ რეგიონში მოვაძლიეროთ და შემდეგ უკვე სხვა ბაზრებს შევუტიოთ, რაც 2-3 წელზეა გაწერილი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები