"კორონავირუსიან პაციენტებს სასტუმროებშიც უმკურნალებენ", - გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო და საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააცნო.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სასტუმროებშიც უმკურნალებენ. უკვე მიმდინარეობს ბათუმში, საავადმყოფოდან სასტუმროში პაციენტების გადაყვანა. განსაზღვრულია პროტოკოლი, რითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სასტუმროებში არ გადაიყვანენ პაციენტებს, რომელთა ასაკი 65-ს სცდება და 18 წლამდეა, ხოლო პაციენტები, რომელთა ასაკი 18-65 წელია და არ აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მკურნალობას სასტუმროებში გაივლიან.
მინისტრის განმარტებით, ბათუმში უკვე მოხდა პაციენტების დიფერენცირება და 15%-ს მკურნალობის გაგრძელება სასტუმროებში მოუწევს.