მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმში ფემინისტური სახლი და აგროტურისტული სასტუმრო „ნინასოული“ იხსნება

638edbf96001f
მარიამ დემეტრაშვილი
06.12.22 10:32
7127
ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო „ნინასოული“ იხსნება. როგორც მისი დამფუძნებელი, ლილი ფულარიანი გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, სასტუმრო ძველ იმერულ ოდაში განთავსდება, რომლის რესტავრაცია ახლა მიმდინარეობს.

„ამ სახლის რესტავრაციაზე ბავშვობიდან ვოცნებობდით მე და ჩემი და, თუმცა შორეული პერსპექტივა იყო, რადგან ხის სახლის რესტავრაცია ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობდი, 50 წლის რომ გავხდებოდი, მერე გადავიდოდი იქ, თუმცა პანდემიის დროს დისტანციურმა მუშაობამ ახლა გადასვლის შესაძლებლობა მომცა.

სახლის რესტავრაცია მიმდინარეობს, გახსნა 2023 წელს იგეგმება, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ ეს იქნება ფემინისტური და აგროტურისტული სახლი. ეს იქნება სასტუმრო, სადაც სოფლის ცხოვრებით ცხოვრება შეგეძლებათ - აუცილებლად ჩვენთან ერთად ივლით ყანაში, კინოთეატრში, ბევრ კულტურულ და აგრარულ აქტივობაში ჩაერთვებით. სასტუმრო აუცილებლად ადაპტირებული იქნება ეტლით მოსარგებლეებისთვის“, - თქვა ლილი ფულარიანმა.

სასტუმროს ლილის ბებიის, ნინას სახელი ერქმევა. როგორც ლილი ამბობს, სახელის შერჩევისას მთავარი მიზეზი ის იყო, რომ დიმში მიწის მესაკუთრე ქალი არასოდეს ყოფილა.

დამფუძნებელი ამბობს, რომ გარდა სტუმრების მასპინძლობისა, „ნინასოულის“ გახსნა დიმელი ქალების გაძლიერებასაც ისახავს მიზნად, იქნება ეს მათთვის კომფორტული სამუშაო სივრცის შეთავაზება, მათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა თუ სხვა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების გასაძლიერებლად, ლილი ფულარიანის ორგანიზებით, საინიციატივო ჯგუფი „დიმელი ქალები“ შეიქმნა, რომელიც სოფლის გასაძლიერებლად გარკვეულ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს. მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფში ახლა 13 ქალია გაწევრიანებული.

„ვიდრე „ნინასოულს“ გავხსნი დიმელი ქალების გასაძლიერებლად და მათ ექნებათ იქ სამუშაო სივრცე, ან ვიღაც თავის ჩირს მოიტანს და ჩემს თაროზე დაალაგებს, ვიფიქრე, რომ მანამდე ამ ქალებს დიდი თანადგომა სჭირდებათ. ამიტომ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი „დიმელი ქალები“ მთელი თემის გასაძლიერებლად. გვქონდა სოფელში ღია კინოთეატრი, დავიწყეთ ბიბლიოთეკის განახლება. მინდა, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა და ყველამ შეიტანოს წვლილი სოფლის განვითარებაში. არ მგონია, რომ ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებაა. სოფელი აუცილებლად აშენდება - ყველასთვის თანასწორი და ეკონომიკურად ღირებული, მთავარია, გვერდში დაგვიდგეთ და არ ჩაიქნიოთ ხელი“, - თქვა ლილი ფულარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები