მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეფეს საქართველოში“ 2023 წელს ექსპორტის 10%-ით ზრდას ელიან - როგორია გეოგრაფია?

6432c04d30f68
ნანუკა ნარიმანიძე
09.04.23 17:59
545
კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს „ნატახტარის“ ექსპორტი მინიმუმ 10%-ით გაიზარდება. ამის შესახებ მან გადაცემა #წერტილში ისაუბრა.

მისი განმარტებით, ექსპორტის ძირითადი წილი არაალკოჰოლურ გამაგრილებელ სასმელებზე მოდის, რადგან ლუდი უფრო ლოკალურად რეალიზდება და ექსპორტზე მცირე მოცულობებით გადის. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ექსპორტის გეოგრაფიაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის წილი ექსპორტში ჯამურად 35%-ზე მეტია.

„ძალიან გვიხარია, რომ 1 წლის შემდეგ უკრაინის ბაზარზე დავბრუნდით, ეს ჩვენი მხრიდან სოლიდარობის გამოხატულებაც არის. რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ძალიან ცნობილია და მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციისა დინამიკურად იზრდება. ზოგადად, რუსეთის მიმართულებით არაალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი, რაც შეეხება ბელარუსს - ექსპორტი იგივე რაოდენობით ხორციელდება. დანარჩენი 22 ქვეყნის ჩათვლით ჯამურად 50 მლნ ლიტრია ექსპორტზე გასული, რაც ჩვენთვის აბსოლუტური მაქსიმუმია, ძირითადად ეს ლიმონათია, რადგან ლუდი მეტწილად ლოკალური პროდუქციაა და „ნატახტარის“ ლუდის ექსპორტის ძირითადად ჰორეკა სექტორში ხდება და არა რიტეილში. მიმდინარე წელს, კომპანია ექსპორტის 10%-ით გაზრდას ელის, რაც პირდაპირი კონტრიბუციაა ქვეყნის ეკონომიკაში.
შემოდის მყარი ვალუტა, რაც მეტი შესაძლებლობების გაჩენის შესაძლებლობას გვაძლევს“, - განმარტა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა აღნიშნა, რომ მათ პროდუქტზე, ისევე როგორც სხვა ქართულ ნაწარმზე რუსეთში მოთხოვნა მზარდია, თუმცა მისი შეფასებით „პასუხისმგებლიანი კომპანია არ გააკეთებს იმას რომ პორტფელის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, პრობლემა შეუქმნას თავის კომპანიას. არ ვართ იმ ტიპის კომპანია, რომელიც ამგვარ ცდუნებას აჰყვება. ჩვენ ვგეგმავთ, ბიუჯეტირებას ვაკეთებთ, და მიუხედავად იმისა რომ იქ შეიძლება მოთხოვნა გაიზარდოს, ჩვენ მიწოდებას იმ მასშტაბით ვერ გავზრდით, რაც დაგეგმილი არ გვაქვს. რადგან დივერსიფიცირების გარეშე ბიზნესის წარმოება არ შეიძლება, ეს რისკების შემცირების ერთ-ერთი მეთოდია და არ გვინდა დამოკიდებული ვიყოთ ერთ ბაზარზე“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მისი ინფორმაციით, დღეისთის რუსეთში ექსპორტის 30% ხორციელდება, უკრაინაში კი 3-4% და აღდგენის დინამიკა დადებითია. „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი სხვა საექსპორტო ქვეყნებზეც საუბრობს,

„აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ-ერთი მზარდი ბაზრებია, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთის ბაზარიც; ამასთან, ჩინეთში გადავდგით პირველი ნაბიჯები და დარწმუნებულები ვართ, რომ მზარდი ტენდენცია მოჰყვება. ბალტიის ქვეყნები ტრადიციულად ჩვენი ბაზარია, ამერიკის ორივე სანაპირო; გარდა ამისა,შარშან ოფიციალურად დავიწყეთ ბრიტანეთში ექსპორტი, ვცდილობთ, გეოგრაფიული კომპონენტი შენარჩუნებული იყოს, რათა დივერსიფიცირების თვალსაზრისით კომპანიას პრობლემა არ შეექმნას“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები