მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას ოპოზიციის აქციებს აბრალებს

5fa3e05934525
ინგა მურუსიძე
05.11.20 15:30
1942
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ბოლო დღეებში ლარის მკვეთრი, ნახტომისებური გაუფასურება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ დაწყებული საპროტესტო აქციებითაა გამოწვეული.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლარის კურსის ვარდნა დამოკიდებულა იმ რადიკალიზმზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს“, - ამბობს მინისტრი.

მისივე მტკიცებით, ამ მომენტისთვის ლარის გაუფასურების სხვა ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

„ის, რასაც კურსთან მიმართებაში ვხედავთ, გამოწვეულია იმ პოლიტიკური დაძაბულობით, რაც ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ყველანი მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი ვიყოთ. წესების დაცვა და მობილობის შემცირება ხელს შეუწყობს როგორც კურსს, ისე ვირუსის გავრცელების შემცირებას“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას - „როგორ გეგმავს მთავრობა გააკონტროლოს ლარის კურსი”, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მთავრობის საქმე არაა.

„საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, მთავრობა კურსს კი არ აკონტროლებს, არამედ - იმ ეკონომიკურ, საბიუჯეტო საქმიანობას, რასაც საქართველოს ეკონომიკაზე აქვს გავლენა. ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება მიმდინარე პროცესი (ლარის გაუფასურება) გამოიწვიოს, ამიტომ ეს განპირობებულია იმ რადიკალური ქმედებებით, რაც ხდება. აუცილებელია, პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნდეს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა გააგრძელებს ფისკალურ სტიმულირებას როგორც წელს, ისე - 2021-ში; „ასევე, გაგრძელდება პასუხისმგებლიანი ხარჯვა და რეფორმები”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები