გთავაზობთ მიმდინარე კვირის (2-7 ნოემბერი 2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ3.8% შეადგინა.
2. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით - 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 1.9%-ით
3. 1 მარტიდან დღემდე საქართველოში 700-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა, ხოლო ყველაზე მეტი კომპანია სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში დაიხურა
4. კლინიკები ახალი რეგულაციების გადავადებას ითხოვენ
5. მთავრობის ახალი შეზღუდვები, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება
6. საქართველოს ეროვნული ბანკის 60 მილიონიანი ინტერვენცია და ლარის კურსი
7. საქართველოს მთავობის მიერ წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის დოკუმენტი პირველის იდენტურია
8. კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა
9. მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის გასაზრდელად IMF-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს
10. როგორ აფასებს აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი (USTR) საქართველოში დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხს
1. ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.
2020 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 9.1%; ჯანმრთელობის დაცვა 9.0%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 9.0%. რაც შეეხება სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, აქ ფასები 5.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. დეფლაცია დაფიქსირდა ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა: ტრანსპორტი (-6.0%) და დასვენება, გართობა და კულტურა (-2.9).
2. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით - 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 1.9%-ით
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 12.3%-ით, ხოლო დასაქმებულთა რიცხოვნობა 1.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 500 ლარი შეადგინა, რაც 2.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი წლიურად 9.0%-ით გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც პანდემიის შედეგად გამოშვების კლებაა. ხოლო მომდევნო პერიოდში ეკონომიკური ვარდნის შენელებასთან ერთად პერსონალის ხარჯის შემცირების ტენდენცია დაფიქსირდება.
3. 1 მარტიდან დღემდე საქართველოში 700-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა, ხოლო ყველაზე მეტი კომპანია სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში დაიხურა
სს ,,BIA’’ წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში. BIA-ს მონაცემებით 2020 წლის 1 მარტიდან დღემდე სრულად 700-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა, ხოლო 1 600-მა კომპანიამ საქმიანობა დროებით შეაჩერა. სექტორული ანალიზის მიხედვით კი, საქმიანობა შეჩერებული კომპანიების 23 % ,,სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონები’’-ს დარგზე მოდის, ხოლო კვების პროდუქტების კატეგორიის კომპანიების 21%-მა შეაჩერა მუშაობა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტმა კომპანიამ თბილისში (63%) შეაჩერა მუშაობა, შემდეგ მოდის აჭარა (12%) და იმერეთი (8%).
4. კლინიკები ახალი რეგულაციების გადავადებას ითხოვენ
2021 წლის 1 იანვრიდან ჰოსპიტალურ სექტორისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც სტაციონალურ დაწესებულებებს ინფრასტრუქტურისა და სხვა ტექნიკური მხარის სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა მოუწევთ. სადაც გათვალისწინებული იქნება: ბოქსირებული პალატებისა და საწოლფონდის რაოდენობა; ასევე თუ როგორ უნდა იყოს პალატები და სტაციონარი აღჭურვილი. კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება სოლიდურ ინვესტიციას საჭიროებს, პანდემიის პირობებში კი, ახალი ფინანსური ვალდებულების აღება რთული იქნება, ამიტომ მთავრობას სთხოვენ, რომ აღნიშნული მოთხოვნები 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდეს. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის და მოთხოვნების გადავადებას არ განიხილავენ.
ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილის განცხადებით კურსის გაუფასურების გამო გაუძვირდათ სამედიცინო აღჭურვილობა, რამაც ხარჯების ზრდა გამოიწვია. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხერჯების ზრდის პარალელურად ფასებს ვერ ცვლიან და მხოლოდ იმ სერვისებით არსებობენ, რომელიც სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება.
5. მთავრობის ახალი შეზღუდვები, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით 9 ნოემბრიდან, 7 ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება ქვეითად და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.შეზღუდვა არ გავრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი თუ სამედიცინო დანიშნულების მიზნით, მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე. გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დაწესებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა. ასევე სპეციალური ზომებს მიიღებენ მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შესამცირებლად, მძღოლებს დაევალებათ გააკონტროლონ მგზავრების რაოდენობა და თუ ყველა ადგილი დაკავებული იქნება დამატებით ადამიანს აღარ მისცემს ტრანსპორტში ასვლის უფლებას.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს 22:00 სთ-ის შემდეგ მუშაობა დროებით შეეზღუდებათ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.
6. საქართველოს ეროვნული ბანკის 60 მილიონიანი ინტერვენცია და ლარის კურსი
2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ამჯერად სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რის შედეგადაც დოლარის ღირებულება 1.11 თეთრით გაიზარდა და 3.2438 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს ღირებულება კი 0.29 თეთრით გაიზარდა და 3.7761 ლარი შეადგინა. ჯამში ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის განმავლობაში 21 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $710 მილიონი დოლარი გაყიდა.
7. საქართველოს მთავობის მიერ წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის დოკუმენტი პირველის იდენტურია
საქართველოს მთავობამ მეორე წარდგენაზე პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის დოკუმენტი გაუგზავნა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ის პირველი დოკუმენტის იდენტურია და მასში არცერთი ციფრი არაა შეცვლილი, რის მიზეზადაც საპარლამენტო არჩევნები დასახელდა. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მთავრობა გააგრძელებს ახალ პარლამენტთან მუშაობას და შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას.
8. კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა
საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის სექტემბერში მიღებული კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი ძალაში 4 ნოემბერს შევიდა, რაც შემდეგ ძირითად მიმართულებებს გულისხმობს: კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა; დადგინდა ევროკავშირში აპრობირებული კონცენტრაციების კონტროლის ორფაზიანი სისტემა; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევები ჯარიმდება ბრუნვის 1%-მდე ოდენობით; გამკაცრდა ინფორმაციის მოუწედობლობაზე სანქციები.
9. მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის გასაზრდელად IMF-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის 2021 წლის ბიუჯეტის გასაზრდელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიზანი 2021 წელს უფრო მეტი ოდენობის შიდა და საგარეო ვალის აღებაა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებს ისტორიულ მაქსიმუმამდე 17.07 მილიარდი ლარამდე წევს, ხოლო მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მაღლა აწევას შეძლებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობამ 6.2 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალი და 1.85 მილიარდი ლარის შიდა ვალი აიღო, რის შედეგადაც, ბიუჯეტის დეფიციტმა - 8.5%-ს მიაღწია.
10. როგორ აფასებს აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი (USTR) საქართველოში დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხს
საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის მიზეზით, აშშ-ის პროფკავშირებმა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას პეტიციით მიმართეს საქართველოსთვის GSP რეჟიმის შესაჩერებლად. რის საპასუხოდაც, ,,2020 წლის 30 ოქტომბერს აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა.’’ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით - „ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობამ თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია."