მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის "დიდი შვიდეული" $4.5 მილიარდს გამოყოფს

62bb16e77516f
გიორგი თოლორდავა
28.06.22 19:37
1012
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად დიდი შვიდეული 4.5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა.

აშშ-ის, ევროკავშირის, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანიც სურსათის გაძვირებით ყველაზე მეტად დაზარალებული 47 სახელმწიფო მოსახლეობის დახმარება იქნება.

გამოყოფილი თანხიდან $2 მილიარდი ჰუმანიტარულ ინტერვენციებზე დაიხარჯება, $760 მილიონი - სასურსათო დახმარების პროგრამებზე, თანხის დარჩენილი ნაწილი კი მოსახლეობის დახმარებაზე დაიხარჯება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე დიდ საფრთხეს დაბალშემოსავლიან მოსახლეობის უქმნის. კერძოდ, წელს აფრიკის რეგიონში შიმშილის ზღვარზე მოსახლეობის რეკორდული რაოდენობა აღმოჩნდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების, სურსათისა და საკვები დანამატების მკვეთრი გაძვირებით იქნება განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ დიდი შვიდეული დღეს რუსული ნავთობზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების განხილვაზეც შეთანხმდა. სავარაუდოდ, რუსულ ნავთობზე დაწესდება საფასო ლიმიტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, წინასწარ განსაზღვრულ ფასზე ძვირად ნაყიდი რუსული ნავთობის იმპორტი და ტრანსპორტირება სრულად აიკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები