ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, დიდ ფარმაცევტულ ქსელებს მორიგ არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ადანაშაულებს. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათი წევრი კომპანიების მისამართით გამოთქმული ბრალდებები სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ არის მიმართული. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების შესახებ, სამინისტრომ ინფორმაციის გავრცელება გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა.
“იყო პირველ რიგში წარმოების პრობლემა, მწარმოებელმა თავად ვერ მოაწოდა ჩვენს დამკვეთებს, ქართულ კომპანიებს იმ რაოდენობის მედიკამენტი, რა რაოდენობის მედიკამენტიც იყო მოთხოვნილი. ამას ემატება კიდევ ის მოცემულობა, რომ თუნდაც თურქეთიდან, როდესაც ხდება მედიკამენტის პარალელური იმპორტი, თავად თურქი მომწოდებლები ვერ აწვდიან რეფერენტულ ფასში ამ მედიკამენტს.
დეპაკინი თავად იყო დეფიციტში მოხვედრილი, მოხდა ძალიან მცირე რაოდენობით მისი იმპორტი. იმპორტის შემდეგ არის კონკრეტული პროცედურები, ლოგისტიკური პროცედურები, რომელიც არის გაწერილი GDP სტანდარტით. ამ მედიკამენტის მოწოდება, აღრიცხვა, სისტემაში ასახვა, სერიული ნომრების შედარება აბსოლუტურად ყველა ეს პროცედურა არის გაწერილი ამ სტანდარტით, ითხოვს შესაბამის დროს.
მერწმუნეთ, როგორც კი მოხდა ამ მედიკამენტის ასახვა სააფთიაქო ბაზებზე, უმალ იყო დარიგებული. სამწუხაროდ, ვინაიდან იყო შექმნილი დეფიციტური მდგომარეობა, ეს მედიკამენტი ამ რაოდენობით ეგრევე ამოიყიდა“,-აცხადებს ილონა კოკიაშვილი.
მთავარი ფაქტორი, რის გამოც ბაზარზე ევროპული, მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტი ფერხდება, მთავრობის მხრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებაა, - ამბობს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. როგორც ცნობილია 1 იანვრიდან ფარმაბიზნესს მედიკამენტის რეალიზაციის ზედა ზღვარი დაუწესდა და ის მედიკამენტები, რომელთა ფასი განსაზღვრულ ტარიფში ვერ ჯდება ბაზარზე აღარ შემოდის. ასოციაცია მარეგულირებელს მეთოდოლოგიის გადახედვისკენ მოუწოდებს, რის მიხედვითაც მედიკამენტების რეფერენტული ფასი დგება.
„ ძალიან ბევრი მედიკამენტი განა ჩვენ არ გვინდა შემოვიტანოთ? არის მედიკამენტები, რომელიც ფიზიკურად ვერ ჩაჯდა რეფერენტულ ფასებში. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ცნობილი მედიკამენტები შემოვიტანოთ, საუბარია მაღალი კლასის, ევროპული ბაზრებიდან შემოსულ მედიკამენტებზე და არა აზიის ბაზრებიდან შემოსულ მედიკამენტებზე, სამწუხაროდ ბევრი მედიკამენტი ფიზიკურად ვერ ჯდება რეფერენტულ ფასში და ჩვენ გვიწევს არსებული მარაგების ამოყიდვა და არავინ იცის მომავალში ეს მედიკამენტი ისევ იქნება ბაზარზე თუ არა.
ის მდგომარეობა, რომ დღეს კიდევ მაქსიმალურად ხელმისაწვდომია მედიკამენტები ბაზარზე სწორედ ჩვენი დისტრიბუტორების დამსახურებაა, ვინაიდან რეფერენტულ ფასთწარმოქმნამდე მათ გააფორმეს მინიმუმ 6- თვიანი, 8- თვიანი 1 -წლიანი კონტრაქტები, რათა ბაზარი არ დაცარიელებულიყო მოსალოდნელი რეფორმის პირობებში“,-განმარტავს ილონა კოკიაშვილი.
მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მისი რეალიზაცია აიკრძალა.
ფასების საერთაშორისო შედარებისთვის საქართველო იყენებს ოთხი რეფერენტული ქვეყნის რეფერენტულ ფასებს. ეს ქვეყნებია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.