მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მწარმოებელთა მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამით ჯერ არცერთ კომპანიას არ უსარგებლია

618526967ca43
მარიამ ვარადაშვილი
06.11.21 00:24
771
ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მარკეტინგული კამპანიების თანადაფინანსების პროგრამაზე ჯერ არავის მიუმართავს, თუმცა როგორც BMG-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კომპანიებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ პროგრამაში ჩართვას გეგმავენ.

სააგენტოს ინფორმაციითვე, დაფინანსებას კომპანიები 2023 წელს მიიღებენ, რადგან იმისთვის, რომ მათ თანხა მიიღონ, ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილი უნდა ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში კი სააგენტო მწარმოებელ კომპანიებს 2021-2022 წლის ექსპორტის მონაცემებს სთხოვს.

მთავრობამ ახალი პროგრამა 6 სექტემბერს დააანონსა. დადგენილებით მარკეტინგული ღონისძიებები დსთ-ს ქვეყნებისა და ადგილობრივი ბაზრის გარდა, ყველგან დაფინანსდება. მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი თითოეული კომპანიისთვის წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 ათასი ლარით განისაზღვრა.
იმისთვის, რომ კომპანიები პროგრამაში ჩაერთონ ექსპორტთან ერთად საანგარიშო პერიოდში მარკეტინგული ღონისძიებების ხარჯებიც უნდა გაზარდონ. ამასთან, ბენეფიციარებს არ დაუანგარიშდებათ როგორც საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში გაყიდული ღვინო, ასევე აქ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებებიც.

პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა მოიცავს ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ, ასევე სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედია კამპანიებს, გაყიდვების ონლაინ პლატფორმებს, სოციალურ ქსელებში რეკლამირებას და ა.შ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” ბიუჯეტი 3 მლნ ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები