მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GWP-ს გაყიდვის შემდეგ "საქართველოს კაპიტალი" საკუთარ აქტივებს გამიჯნავს

627a9c0b8640c
ნინო ტაბატაძე
11.05.22 11:00
2197
GWP-სა და მისი მშობელი კომპანია „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“-ის (GGU) გასხვისების შემდეგ “საქართველოს კაპიტალი” აქტივების გამიჯვნის პროცედურებს იწყებს.

წყალმომარაგების კომპანიისა და GGU-ს საკონტროლო პაკეტი “საქართველოს კაპიტალმა” Aqualia-ს მიჰყიდა, გამიჯვნის პროცესი კი ხელშეკრულების ნაწილია.

შედეგად, “საქართველოს კაპიტალში” გადავა ყველა აქტივი, რომელიც განახლებად ენერგიას უკავშირდება. საუბარია ახალ ჰესებსა და ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც აქამდე GGU-ს მართვის ქვეშ იყო. საქართველოს კაპიტალს კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესში მხოლოდ 20%-იანი პაკეტი დარჩება.

რაც შეეხება GGU-ს („ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“), რომლის საკონტროლო პაკეტი “საქართველოს კაპიტალმა” გაასხვისა, ის კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესში ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს. კომპანია თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალმომარაგების და ჩამდინარე წყლების მომსახურებას საქართველოს მოსახლეობის ერთ მესამედს - დაახლოებით 1.4 მილიონ რეზიდენტს და დაახლოებით 38 000 იურიდიულ პირს უწევს. ამავე კომპანიის აქტივებს შორისაა 149 მგვტ. ჯამური სიმძლავრის ჰესები.

“საქართველოს კაპიტალმა” გამიჯვნის შესახებ ინვესტორებს უკვე აცნობა; აქტივების გამიჯვნის დაწყება 2022 წლის ივლის-აგვისტოში დაიწყება. შედეგად, ყველა ენერგეტიკული ობიექტი სრულად საინვესტიციო ჰოლდინგის ხელში გადავა, კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესში კი, მას მხოლოდ 20%-იანი პაკეტი დარჩება.

აღსანიშნავია, რომ პროცესი დამოკიდებული იქნება ანტიმონოპოლიური ნებართვის მიღებაზე და „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“-ის არსებული ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე. დაგეგმილია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ განახლებადი ენერგიის ბიზნესზე გასცემს 95,4 მილიონი დოლარის ოდენობით სესხს, რომელიც GGU-ის საკუთრებაში მყოფი მწვანე ევროობლიგაციების გამოსყიდვას მოხმარდება.

შეგახსენებთ, 2021 წლის დეკემბერში „საქართველოს კაპიტალმა“ განაცხადა კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესის 80%-იანი წილის კომპანია Aqualia“-ზე 180 მილიონი აშშ დოლარად (548 მილიონი ლარი) მიყიდვის თაობაზე. გარიგების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები