2023 წლის იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.3%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის თანახმად, დაკრედიტების ტემპი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
უშუალოდ ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდამ 16.6% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტის სესხების ზრდის ტემპი 10.1% იყო.
"მიმდინარე წლის იანვარში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით შემცირდა და 12.9% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.8 პპ-ით 17.0%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით შემცირდა და 7.4% დონეზეა.
იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით შემცირდა და მიმდინარე წლის იანვარში და 13.9% შეადგინა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით შემცირდა და 12.2% შეადგინა. წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების ზრდასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მაღალ დონეზეა. კერძოდ, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.2 პპ-ით - 6.2%-მდე გაიზარდა. თუმცა, იურიდიული პირების უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებმა, წინა თვესთან 0.5 პპ-ით, 8.6%-მდე მოიკლო.
იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პპ-ით მოიმატა და 44.7%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით გაიზარდა და 61.0%-ს შეადგენს, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.7 პპ-ით 30.7%-მდე გაიზარდა. იანვარში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 67.6 მლნ ლარით გაიზარდა და 515.4 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 36.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.