მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-ს ორგანიზებით ტრენინგ-პროგრამა „ევროკოდების ძირითადი პრინციპები“ მიმდინარეობს

6374ea05c08a3
BM.GE
16.11.22 17:44
610
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია აგრძელებს ტრენინგების ციკლს თემაზე “ევროკოდების ძირითადი პრინციპები”. აღნიშნული კურსი წარმოადგენს ტრენერთა ტრენინგს (TOT), რომლის მიზანიცაა, მომზადნენ კვალიფიციური პროფესიონალები სამშენებლო თანამედროვე სტანდარტების მიმართულებით და მზად დახვდეს სექტორი იმ ცვლილებებს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი რეფორმით. ერთი მხრივ, ეს არის იმ პროცესების მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ძველი საბჭოთა სამშენებლო სტანდარტების ევროპული თანამედროვე სტანდარტებით ჩანაცვლებისას საჭიროებს და, მეორე მხრივ, აღნიშნული პროცესის ახალგაზრდების გაძლიერების და მათი დასაქმების გზით განხორციელება.

საკითხის აქტუალობა განპირობებულია სწორედ მიმდინარე რეფორმით, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს და გულისხმობს სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ შემუშავებული სამშენებლო კოდების (ევროკოდები*) თარგმნისა და საქართველოში დანერგვის პროცესს.

პროექტისათვის “ევროკოდების ადაპტაციის მხარდაჭერა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამების მეშვეობით” სპეციალურად შემუშავდა პროგრამა, რომლის ავტორია იგორ ტიმჩენკო, ხოლო ტრენინგის ძირითად ნაწილს უძღვება სფეროს ექსპერტი, ირაკლი ურუშაძე, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკოდებთან დაკავშირებული პროექტის კონსულტანტი.

ირაკლი ურუშაძე: “ევროკოდის ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ევროკოდის სტრუქტურას და მასში გამოყენებულ ზოგად მეთოდებს. ტრენინგის ფარგლებში ხდება არსებული პრაქტიკის, საცნობარო ლიტერატურის და ნორმების შეფასება ევროკოდებთან და ევრონორმებთან. ნორმებში მოცემული მეთოდების და დაპროექტების თავისებურებების გაცნობა მოხდა მცირე მაგალითების საფუძველზეც. ტრენინგმა მოიცვა ათივე ევროკოდი, დეტალურად მოხდა ევროკოდების: 1(დატვირთვები), 2(დაარმატურებული ბეტონი), 3 (ლითონი) და 8 (სეისმური დაპროექტება) განხილვა, რომლებიც ყველაზე დიდია როგორც მოცულობით ასევე ყველაზე ხშირად გამოყენებადია. ტრეინინგის ფარგლებში მოხდა არა მარტო ევროკოდების არამედ ევროკოდებთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების და დამატებითი ნორმების ზოგადი განხილვა.
ტრენინგის მიზანი მოქმედი ინჟინრების ევროკოდებთან გაცნობა, პრინციპების განმარტება და არსებულ ნორმებთან განსხვავების და შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რაც საშუალებას მისცემს ინჟინრებს, ევროკოდების სრულად დანერგვის შემდეგ დაბრკოლების გარეშე შეძლონ სხვადასხვა ტიპის სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტება და ზედამხედველობა.“

კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ტრენინგი თემაზე “სეისმოლოგია, საქართველოს ტერიტორიის სეისმური დარაიონების რუკა, დრეკადი რეაქციის სპექტრები საქართველოს დასახლებული პუნქტებისთვის”, რომელსაც სფეროს ექსპერტი, გეოფიზიკის მიმართულებით პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი. თეა გოდოლაძე გაუძღვა.

თეა გოდოლაძის თქმით, ევროკოდების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის ფაქტორი, რომ “საინჟინრო მიდგომები არ იცვლება ისე სწრაფად, როგორც იცვლება მეცნიერება, რომელიც რეკომენდაციას აძლევს ინჟინერს. შესაბამისად, ევროკოდები ავალდებულებს სამეცნიერო და საინჟინრო წრეს, იყვნენ მუდმივ კოორდინაციაში.

სეისმომედეგობა შენობების მდგრადობის უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მიწისძვრა არ ჰკლავს ადამიანს. ადამიანს ჰკლავს მისივე აშენებული სეისმურად არამდგრადი შენობა. სეისმოლოგი აძლევს ინჟინერს ინფორმაციას გრუნტის მაქსიმალური შესაძლო მოძრაობის შესახებ, გარკვეული ალბათობით. ინჟინერმა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა გათვალოს სეისმურად მდგრადი შენობა, რომელიც მაქსიმალურ შესაძლო მიწისძვრისგან გამოწვეულ რხევას გაუძლებს.” - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის: ევროკოდები არის ევროპული სტანდარტი (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს სტანდარტები შემუშავებულია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ. ევროკოდები შედგება 10 ნაწილისგან, დანომრილი 0-დან 9-მდე (ნაწილები 0, 1, 7 და 8 მოიცავს ყველა ტიპის კონსტრუქციას, ხოლო ნაწილები 2, 3, 4, 5, 6 და 9 ცალკეული სამშენებლო მასალით დაპროექტების წესებს). მისი მიზანია, დაადგინოს შენობა-ნაგებობების მექანიკური სიმტკიცის, მდგრადობის და უსაფრთხოების წესები, ასევე, მზიდი კონსტრუქციის სახანძრო მედეგობის წესები ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად, ასევე, დაადგინოს ერთიანი წესები მშენებლობისა და პროექტირებისთვის.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია აღნიშნულ პროექტს ახორციელებს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები