მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის ახალი 3-წლიანი პროგრამა საქართველოს $289 მილიონის დაფინანსებას ითვალისწინებს

6246f119550ef
გიორგი თოლორდავა
01.04.22 16:32
• 924
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საფინანსო ინსტრუმენტით (SBA) მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის 289 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსებას ითვალისწინებს.

IMF-ის მისიამ, რომელსაც ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობდა, 18 ნოემბრიდან - 31 მარტამდე წარმართა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანი სამწლიან ეკონომიკურ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა იყო.

„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ IMF-ის მისიას და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება სამწლიანი მხარდამჭერი პროგრამის თაობაზე, რომელიც 210 მლნ სპეციალური ნასესხობის უფლებით ($289 მლნ) 100%-ის ოდნეობის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ საკითხს IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ამა წლის მაისში განიხილავს“ - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3%-მდე ამცირებს, თუმცა 2023 წლიდან ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ვარაუდობს.

„ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგები საქართველოს ეკონომიკასაც გადმოეცემა და 2022 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 3%-მდე მცირდება, მოსალოდნელი ინფლაცია იზრდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება. ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. საქართველოს ეკონომიკამ წარსულში მდგრადობა გამოავლინა და მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ველით“.

მისიის მსვლელობისას, IMF-ის წარმომადგენლები შეხვდნენ: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს; ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს; ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და მის წინამორბედს, ნათია თურნავას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სხვა მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, საბანკო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

საგულისხმოა, რომ IMF-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში არ არის ყურადღება გამახვილებული, კონკრეტულად რა რეფორმები უნდა გაატაროს სახელმწიფომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები