მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანული მამლები - $4 ათასად, პავლე I-ის "სეკრეტერი" $18 ათასად - პრეზიდენტის ავეჯი 2.8 მლნ დაჯდა

5dd3ca84c5b8e
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.19 15:18
10972
საქართველოს პრეზიდენტის სასახლის - ათონელის რეზიდენციის თანამედროვე და ანტიკვარული ავეჯით გაწყობა გადასახადის გადამხდელებს 2.8 მილიონი ლარი დაუჯდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, შეძენილ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ანტიკვარული კრისტალის ჭაღებია. მათგან ერთის - "რუსეთის საიმპერატორო ქარხნის მიერ" მეცხრამეტე საუკუნეში დამზადებული ჭაღის შეძენა $59,000 დოლარი დაჯდა. 

შეძენილ ნივთებს შორისა ირანული ბრინჯაოს "მამლები", რომლებშიც ადმინისტრაციამ $4,310 დოლარი გადაიხადა, ასევე პავლე I-ის პერიოდის (1754-1801, რუსეთი) "სეკრეტერი", რომლის საწყისი ღირებულებაც $18,100 დოლარია. 

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის და სხვადასხვა ნივთების შესასყიდად, 2019 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი.

სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხიდან 2 174 783 ლარის ღირებულების შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ათვისების ეს მაჩვენებელი, განაპირობა ცალკეულ ანტიკვარული ნივთების არ შესყიდვამ, რაც უმეტესწილად განპირობებულია კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებით. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შესასყიდად შერჩეული ანტიკვარული ნივთებიდან არ იქნა შესყიდული სულ 144 200 აშშ დოლარი ღირებულების ნივთები", - ნათქვამია ანგარიშში. 

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის ანტიკვარული ავეჯის შესახებ IDFI-ის ძირითადი მიგნებები: 

  • ოქმების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში, ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალირებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა; 
  • ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა სულ შეისწავლა 62 ანტიკვარული ნივთი, საიდანაც 51-ზე შესაძლებლად მიიჩნია ნივთის შეძენა შემოთავაზებულ ფასად, ხოლო 11 შემთხვევაში დაასკვნა, რომ შემოთავაზებული ფასი აღემატებოდა მის რეალურ ღირებულებას 
  • კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა; 
  • ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი; 
  • ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა; 
  • შესყიდულ ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსული - პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) „ბიუროს სეკრეტერი“ - საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი; 
  • შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად - ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი - თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი - თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა - თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა; 
  • შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული - ფრანგული, 6 ერთეული - რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული - შუა აზიური; 
  • პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი); 
  • თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები; 
  • პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შესყიდულია 120 ერთეული თანამედროვე სანათი საშუალება (17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა, 7 ნათურა); 
  • შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი - 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან - თითოეულის ფასი - 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო.

"IDFI მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის არ არსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს. 

პრეზიდენტის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ნივთების შესყიდვის პროცესის (მაგალითად, ეროვნული მუზეუმის მიერ ვიზუალური დათვალიერებით 2 დღეში დასრულებული ანტიკვარული ნივთების უდიდესი ნაწილის შესწავლის პროცესი) და ცალკეული ნივთების ფასი (მაგალითად, 59 000 აშშ დოლარად შესყიდული ჭაღი, 13 800 აშშ დოლარად შესყიდული სამეული მაგიდით და ა.შ. ) საეჭვოს ხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ანტიკვარული ნივთების შესყიდვით გარკვეული ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ასევე, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილმდებარეობის საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებით,"- ნათქვამია ანგარიშში. 

IDFI მიიჩნევს რომ, ამგვარი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები უნდა გამოეყოს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს (მაგალითად ეროვნულ მუზეუმი) რომელთა უშუალო კომპეტენციაა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და სამუზეუმო ექსპონატების გადარჩენა-ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

"საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული რისკის მატარებელია, ტენდერის გარეშე 720 225 ლარი ღირებულების თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ფარდების შესყიდვა. 

IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა", - ნათქვამია ანგარიშში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები