მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიური კომპანია Demaclenko საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავას იწყებს

62ea1eed1c739
შოთა ტყეშელაშვილი
03.08.22 11:08
6943
დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიური კომპანია "Demaclenko" საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. შესაბამის განცხადებას თავად Demaclenko აქვეყნებს. კომპანია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეიმ" ბაკურიანის გათოვლიანების სისტემის მონტაჟის შესახებ 90.5-მილიონიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, კორუფციული სქემებით გააფორმა, რასაც ტენდერში მათი წინადადების დისკვალიფიკაცია მოყვა. კომპანია მიიჩნევს, რომ ტენდერის პირობები მორგებული იყო კომპანია TechnoAlpin-ზე, რომელთანაც საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა.

Demaclenko-ს განცხადება:

"საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის განკარგულებით საბოლოო ლეგიტიმაცია მიეცა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევებით ჩატარებულ განსაკუთრებით დიდი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცესი სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანია შპს "ემ თი ეიმ" წარმართა. საქმე ეხება ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩასატარებლად გათოვლიანების სისტემის შეძენა-მონტაჟს. აღნიშნული მიზნით, სავარაუდო კორუფციული სქემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან იგეგმებოდა 137,828,652.00 ლარის გადახდა, რაც დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 47 მილიონი ლარით აღემატებოდა პროექტის რეალურ ღირებულებას.
სახელმწიფო შესყიდვის პროცესში უხეშად დაირღვა როგორც საქართველოს მოქალაქეთა (გადასახადის გადამხდელთა), ასევე იტალიური კომპანია "დემაკლენკოს“ უფლებები, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მონტაჟის სფეროში მსოფლიოში არის ცნობილი და საქართველოშიც აქვს განხორციელებული რამოდენიმე წარმატებული პროექტი.
გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

1. „დემაკლენკომ“, კონკურენტ კომპანია ,,ტექნოალპინთან“ შედარებით, წარადგინა 45 მლნ ლარით იაფიანი შეთავაზება. აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, გაურკვევლი და კანონით გაუთვალისწინებელი პროცედურით მოხდა ტექნოალპინის შეთავაზების შემცირება. შემცირების მიუხედავად, დემაკლენკოს შეთავაზება სახელმწიფო ბიუჯეტს მაინც ბევრად ნაკლები თანხა უჯდებოდა, თუმცა გამარჯვებულ კომპანიად მაინც „ტექნოალპინი“ გამოცხადდა;

2. „დემაკლენკოს“ აქტიურობამ და მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა იძულებული გახადა შპს ,,ემ თი ეი“, საქართველოს მთავრობა და „ტექნოალპინი“ მთლიანობაში დაახლოებით 47 მილიონი ლარით შეემცირებინათ 137 მილიონ ლარიანი შესყიდვა;

3. ცალსახაა სერიოზული გადაცდომები პროექტის მომზადების პერიოდში, რომლის ტექნიკური პარამეტრები მიზანმიმართულად მთლიანად მოერგო კონკურენტ Technoalpin-ზე.

4. 2018 წლიდან ოფიციალურად არის ცნობილი, რომ 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. შესაბამისად, ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები: რატომ ჩატარდა არაკონკურენტული, არაგამჭვირვალე, დაჩქარებული შესყიდვა გამარტივებული წესით? შესყიდვის ეს ფორმა იმთავითვე ხომ არ იქნა დაგეგმილი კორუფციული სქემების გაადვილების მიზნით?

5. აღნიშნული შესყიდვის პროცესში დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონის ყველა ძირითადი პრონციპი:

ა) ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა - შესყიდვის სავარაუდო ღირებუელბად განისაზღვრა ობიექტურ ღირებულებაზე 47 000 000 ლარით მეტი ფასი.
ბ) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება - ელექტრონული ტენდერის ნაცვლად ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა;
გ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა - უპირატესობა მიენიჭა კომპანიას, რომელზეც იმთავითვე იქნა მორგებული შესყიდვის პირობები;
დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა - შესყიდვის პროცედურა არ ჩატარდა საჯაროდ და გამჭვირვალედ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია Demaclenko:

1. სარჩელს შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვს შპს ,,ემ თი ეი“- სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროთ 11 699 870 ლარის გადახდა;
2. მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით;
3. წერილობითი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს;
4. მიმართავს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს;
5. გამოიყენებს სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს საკუთარი უფლებების დასაცავად.

კომპანია Demaclenko-ს ინტერესებს ,,კოჟორიძე და იურისტები“-ს ადვოკატები დაიცავენ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები