მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან 520-ე დადგენილების გადახედვის დაპირება მიიღეს - "ევექსი ჰოსპიტლები"

5de65b5961026
სალომე მეცხვარიშვილი
03.12.19 16:53
3738
კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის გათანაბრებული ტარიფების გადახედვის დაპირება მიიღეს, - ამის შესახებ bm.ge-ის „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განუცხადა.



მისი თქმით, სამინისტროში შეხვედრა გასულ ხუთშაბათს გაიმართა, სადაც სხვა კლინიკებიც მონაწილეობდნენ და მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ კლინიკებმა სამინისტროს "არგუმენტირებული და დეტალური" ხაჯთაღრიცხვები უნდა მიაწოდონ, რის შემდეგაც, ერთობლივად გააგრძელებენ საკითხზე მუშაობას.

"შეხვედრაზე ძალიან დეტალურად განვიხილეთ მთავრობის 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები და მათში არსებული სავარაუდო ხარვეზები. სამინისტროს შეხვედრაზე ჰქონდა ძალიან კონსტრუქციული პოზიცია, რაც მისასალმებელია. შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ საქმიანად. მივიღეთ კონკრეტული დაპირება, რომ თუ ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება არგუმენტირებული, დეტალური ხარჯთაღრიცხვები, მოხდება ამის გათვალისწინება. შესაბამისად, ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის მომზადებაზე, რასაც ხვალ მივაწვდით სამინისტროს, ამის შემდეგ ერთობლივ სამუშაო რეჟიმში მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. ზოგადად, ვთვლი, რომ ასეთი სამუშაო რეჟიმი და ასეთი კონსტრუქციული დამოკიდებულება, ძალიან მისასამლებელია და აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგებს", - აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.

კითხვაზე - რამდენად, რა პროცენტით შეიძლება დაკორექტირდეს ფასები, გიორგი მინდიაშვილს საუბარი უჭირს, თუმცა მისი თქმით, მათ ძალიან მკაფიო დაპირება მიიღეს, რომ იქ, სადაც ხარჯთაღრიცხვა იქნება არგუმენტირებული და დასაბუთებული, მოხდება ტარიფების გადახედვა.

"მანამდე შეიძლება იყო გარკვეული კომუნიკაციის ნაკლებობა; როდესაც ეს გადავიდა სამუშაო რეჟიმში და მოხდა ინფორმაციების მკაფიოდ გაცვლა, ამან მიგვიყვანა ამ საქმიან მოცემულობამდე. ტარიფიკაცია არ არის მარტივი თემა და კონკრეტულ პროცენტულობაზე საუბარი არასერიოზული იქნება, - აცხადებს მინდიაშვილი.