გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.305 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.293-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.36%-იანი გაუფასურებაა, რაც 2020 წლის ბოლოსთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის შედარებით ნაკლები ნიშნულით გაუფასურებას ნიშნავს, რადგან წინა კვირას გაცვლითი კურსი 0.77%-ით იყო გაუფასურებული. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლო კვირამდე ლარს გამყარების ტენდენცია ახასიათებდა. კერძოდ, დეკემბრის მეორე და მესამე სავაჭრო კვირას ლარი გაცვლითი კურსი 0.43% და 0.44% -ებით გამყარდა, ხოლო მეოთხე კვირას კი - 0.07%-ით. გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად ყველაზე მეტით, 1.40%-ით კვლავ თურქული ლირა გამყარდა, რაც დეკემბრის ბოლო კვირას 1.51% იყო. წინ კვირის მსგავსად დოლართან მიმართებით ევროს ნომინალური გაცვლითი კურსიც გამყარდა, მაგრამ ლირის გამყარების ნიშნულთან შედარებით ნაკლებით. იანვრის პირველ სავაჭრო კვირას ევრო 0.21%-ითაა გამყარებული. აღნიშნულ პერიოდში, დოლართან მიმართებით, მაღალი ნიშნულით არამხოლოდ ლირა, არამედ ჩინური იუანიც გამყარდა, რამაც 0.94% შეადგინა. ხოლო, გაუფასურების მაღალი მაჩვენებლით რუსული რუბლი (0.83%), ბრიტანული სტერლინგი (0.72%) და იაპონური იენი (0.64%) გამოირჩეოდა.
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 01.01 – 08.01 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები
როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი გასული წლის მარტში დაწყებულ პოლიტიკას მიმდინარე პერიოდშიც განაგრძობს. 2021 წელს სებ-ს მიერ სავალუტო ბაზარზე პირველი ინტერვენცია 6 იანვარს განხორციელდა, როცა 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. გასულ წელს კი სულ 26 ჯერ, ჯამში 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს განსხვავებულ პოლიტიკას ატარებდა, რაც წლის ბოლოსკენ შეცვალა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა 11-ჯერ, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარის შესყიდვა განახორციელა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
ფიგურა 2: 04.01 - 08.01-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები
მიუხედავად იმისა, რომ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ მეორე კვირაა უფასურდება, იანვრის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე მერყეობის დაბალი ნიშნულით გამოირჩეოდა. გასულ კვირას, საშუალოსთან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა მხოლოდ 0.03% იყო, რაც წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებია. ყველზე მერყევი კი, გამყარების მიუხედავად, თურქული ლირა იყო. კერძოდ, სავაჭრო კვირის საშუალოსთან მიმართებით გადახრა 0.68%-ს აღწევდა, რაც იაპონური იენის და რუბლის შემთხვევაში 0.49% და 0.44% იყო. შერჩეულიდან სხვა ვალუტები კი - წლის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე შედარებით სტაბილური იყო.
ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 01.12/08.01 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები
გასულ კვირას, ლარი არამხოლოდ დოლართან მიმართებით, არამედ სხვა შერჩეულ ვალუტებთანაც გაუფასურდა. ყველაზე მეტით კი - ჩინურ იუანთან, ხოლო ყველაზე ნაკლებით - იაპონურ იენთან. 2021 წლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის შეწონილი მაჩვენებელი იუანთან მიმართებით 2.02%-ითაა გაუფასურებული, ხოლო თურქულ ლირასთან კი - 1.89%-ით. ამ უკანასკნელთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ლირის გამყარების კვალდაკვალ უფასურდება. საერთო ჯამში, გასული წლის ბოლო სავაჭრო კვირასთან შედარებით, იანვრის პირველ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის შეწონილი მაჩვენებელი უფრო დიდი ნიშნულებითაა გაუფასურებული. ლარის რუბლთან გაუფასურებამ 1.07% შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი - 0.82%. აღსანიშნავია, რომ ლარი სომხურ დრამთანაც კი 0.57%-ით გაუფასურდა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა დოლართან მიმართებით ღირებულებას კარგავს.
ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს, წინა სავაჭრო კვირისგან მსგავსად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 1.11%-იანი გაუფასურება დაფიქსირდა, რაც დეკემბრის ბოლო კვირას 0.47%-ით იყო გაუფასურებული. მსგავსად წინა კვირისა, იანვრის პირველ სავაჭრო კვირას ეფექტური ნომინალური კურსის გაუფასურება დიდწილად თურქული ლირის გამყარებას უკავშირდება, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. იანვრის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.2 ნიშნულზე იყო, რომელის მერყეობა 0.18%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.38%-ს აღწევდა. ეს კი ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 8.50%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 7.21% იყო. ეს კი ექსპორტის ზრდის კუთხით მასტიმულირებელი ეფექტია, ხოლო იმპორტის მხრივ, პირიქით.
საერთო ჯამში, ბოლო ორი კვირის მანძილზე გრძელდება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება, რაც წინა ოთხი კვირის განმავლობაში მყარდებოდა. მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურის არამარტო დოლართან, არამედ შერჩეული ვალუტებიდან ყველასთან მიმართებით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან. წინა კვირის მსგავსად, ლარის გაუფასურების ახალი ტენდენციის კვალდაკვალ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები განაახლა, მაგრამ უშედეგოდ. ბაზარზე დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარის გაცვლითი კურსი არ გამყარებულა.