მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეხორბლეები მთავრობასთან დადებული მემორანდუმიდან საკუთარ ხელმოწერას უკან იწვევენ - ასოციაცია მიზეზებს განმარტავს

61e29c44299e3
ელენე გოგბერაშვილი
15.01.22 14:25
1551
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მცირდება. სამაგიეროდ იზრდება იმპორტირებული ფქვილის წილი. მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ხორბლის იპორტზე დაწესებული მცურავი ბაჟია, რაც ქართველი იმპორტიორებისთვის ერთ ტონა ხორბალს თითქმის 100 დოლარით აძვირებს. იმის გამო, რომ მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება ფქვილის იმპორტზე, კომპანიების დიდ ნაწილს ფქვილის ადგილზე გადამუშავება აღარ უღირთ, წარმოებას ხურავენ და ფქვილის იმპორტზე გადადიან.

ხორბლის იმპორტის შემცირების გამო ქართველმა მეხორბლეებმა უკვე მიმართეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა გამოწვეულ იქნას მათი ხელმოწერა იმ მემორანდუმიდან, სადაც კერძო სექტორი პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი მარაგების არსებობა უზრუნველყოს.

„ქვეყანა გადადის ფქვილის იმპორტზე, ხორბლის არშემოტანის ხარჯზე, რაც არის საკმაოდ საგანგაშო და საყურადღებო მდგომარეობა იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის სასურსათო მარაგები მიდის მილევისკენ. გაეროს რეკომენდაციით, იმისათვის, რომ სასურსათო უსაფრთხოება იყოს დაცული ქვეყნებში, მას უნდა ჰქონდეს სურსათის მთლიანი მოხმარების(დაახლოებით 100 000 ტონა) 2 თვის მარაგი. ახლა მარაგები არის, მაგრამ იმაზე დაბალი, რაც ორი თვის უნდა იყოს.

ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ეს არის რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილი მემორანდუმი იმის შესახებ, რომ ჩვენ, კერძო სექტორი ვუზრუნველყოფთ სასურსათო უსაფრთხოებას და ორ თვიანი მარაგების მუდმივად არსებობას ქვეყანაში.

ვადასტურებ, რომ შევატყობინეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ჩვენ ჩვენი ხელმოწერის გამოწვევას ვახდენთ ამ მემორანდუმიდან იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვუზრუნველყოფთ ორთვიანი მარაგების შენარჩუნებას. სახელმწიფო საქმის კურსშია, რომ ჩვენი ხელმოწერა გამოწვეულია მემორანდუმიდან და ცხადია ფქვილის იმპორტის შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ჩვენზე არ არის“-აცხადებს ლევან სილაგავა.

აღნიშნულ საკითხზე BM.GE ლევან დავითაშვილის უწყებასაც დაუკავშირდება და მათ პოზიციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები