პირველად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში, გაეროს მიერ „დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებათა კანონმდებლობის“ შესახებ შემუშავებულ რეზოლუციაში ზიანის შემცირების სტრატეგიაც მოხვდა. რაც აღნიშნული სტრატეგიის მხარდამჭერთათვის მნიშვნელოვანი მიღწევა და გამარჯვებაა, ვკითხულობთ COPWATCH-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
52-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, ზიანის შემცირების სტრატეგია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქნა მიჩნეული და ის აღარ დაექვემდებარება ნაციონალურ კანონმდებლობას.
საინტერესოა, რომ დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებათა კონტროლის კანონმდებლობაში ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციას მხარს უჭერს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაც. ჯანმო პუბლიკაციაში წერს, რომ „აღნიშნული მიდგომა [ზიანის შემცირების სტრატეგია] წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობის ჩარჩო-კონვენციის ფუნდამენტურ ელემენტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებისა და აღმოფხვრის პროცესში“.
ექსპერტების განცხადებით, სტრატეგიის მიმართ ტოლერანტობის ზრდა „დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის“ არაეფექტურობამ და ახალი მიდგომების საჭიროებამ განაპირობა.
ადამიანები სხვადასხვა სახის ნივთიერებებს ათასწლეულებია მოიხმარენ. ეს ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევა ამ ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართულ, სრულიად შეუსაბამო და არასწორ გზებთან გამკლავებაა“, - აღნიშნავს ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებათა კანონმდებლობის გლობალური კომისიის თავმჯდომარე ჰელენ კლარკი.
მელბურნში „ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენციაში“ მონაწილე ექსპერტები აცხადებდნენ, რომ საჭიროა ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივების იმპლემენტაცია, რომელიც ზიანის შემცირების სტრატეგიასაც გულისხმობს - მათ შორის, ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებლების მხრიდან დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების მეცნიერულად დადასტურებული ნივთიერებებით ჩანაცვლებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას.
ექსპერტები ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოწყვლადი ჯგუფების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მიზეზი კი ისეთი გადაწყვეტების შემუშავებაა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებას.
მართალია, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. ჯერ კიდევ 20 წლის ჯანმოს თამბაქოს პროდუქტების რეგულირების სამეცნიერო მრჩეველთა კომიტეტი აღნიშნავდა, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მისაღები, თამბაქოს ახალი ან მოდიფიცირებული პროდუქტის შესაქმნელად აუცილებელია მას ჰქონდეს პოტენციალი, შეამციროს არსებული თამბაქოს პროდუქტების მიერ ინდივიდების ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი“. თუმცა დღეს, როდესაც ბაზარზე ასეთი პროდუქტები არსებობს, ზიანის შემცირების სტრატეგია სათანადო ყურადღებით აღარ სარგებლობს და ხშირ შემთხვევაში, ჯანმოს მკაცრ კრიტიკასაც იმსახურებს. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?