მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ დღეში $23 მლრდ-ით შემცირდა

6054e029cc75d
თამთა ჯიჯავაძე
20.03.21 00:30
1118
მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ დღეში ჯამში $23 მილიარდით შემცირდა. ამერიკული Forbes-ის მიხედვით, უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის პირველ ათეულში შემავალ მილიარდერებს შორის ერთადერთი უორენ ბაფეტი იყო, რომლის ქონებაც არ შემცირებულა – პირიქით, გაიზარდა $0.5 მილიარდით და $96.5 მილიარდი შეადგინა.

ყველაზე მეტად კი ილონ მასკის ქონება შემცირდა. Tesla-ს დამფუძნებლის ქონებამ $9.9-მილიარდიანი კლება განიცადა და $162.1 მილიარდამდე შემცირდა. ამის მიზეზი ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების შემცირება გახდა. კერძოდ, ხუთშაბათის ვაჭრობის შედეგად Tesla-ს აქციები 6.9%-ით შემცირდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მასკმა რეიტინგში მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ამჟამად უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე ევროპის უმდიდრესი ბიზნესმენი – ბერნარ არნოა. მისი ქონება ერთ დღეში $0.5 მილიარდით შემცირდა და $162.6 მილიარდი შეადგინა.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი კი კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, მიუხედავად იმისა, რომ მას ერთ დღეში ქონება $5.7 მილიარდით შეუმცირდა. ახლა ის $178.1 მილიარდს ფლობს. ბეზოსის ქონების მოცულობის შემცირება Amazon-ის აქციების კლებამ განაპირობა. მსოფლიოში უმსხვილესი ონლაინ-რიტეილერის აქციების ფასმა 3.44%-იანი კლება განიცადა.

რაც შეეხება უმდიდრესი ადამიანების ათეულში შემავალ სხვა მილიარდერებს, Google-ის თანადამფუძნებლის ლარი პეიჯის ქონება $2.3 მილიარდით შემცირდა, სერგეი ბრინის ქონება კი $2.2 მილიარდით. შედეგად, ახლა პეიჯის ქონება $88.6 მილიარდია, სერგეი ბრინის კი – $86 მილიარდი. ლარი ელისონის ქონებამ $0.17 მილიონით იკლო და $90.2 მილიარდი შეადგინა, მარკ ცუკერბერგმა კი $1.9 მილიარდი დაკარგა. ახლა ის $101.7 მილიარდს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათის ვაჭრობის შედეგად თითქმის ყველა IT- კომპანიის აქციები დაეცა. The Wall Street Journal-ის ცნობით, „ნასდაქის“ „ტექნოლოგიური“ ინდექსი 3%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500 – 1.5%-ით. აქციებზე გავლენა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვებმა იქონია. სახელმწიფო ობლიგაციებზე სარგებელი პირველად 2020 წლის იანვრის შემდეგ 1.7%-ით გაიზარდა. ზრდა მაშინ ფიქსირდება, როდესაც ობლიგაციებზე მოთხოვნა იკლებს.

ამასთან, როგორც The Wall Street Journal-ი განმარტავს, ინვესტორები ფედერალური სარეზერვო სამსახურის განცხადებამ შეაცბუნა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები