მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გაზისა და ნავთობის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს

6384ce3845fb4
შოთა ტყეშელაშვილი
28.11.22 19:15
1082
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას 200 მილიონი ლარის სესხს გამოუყოფს. მთავრობის ინფორმაციით, ამ თანხით ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბუნებრივი აირი უნდა შეისყიდოს.

“200 მილიონი ლარი სესხის სახით გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რომელიც მოხმარდება ბუნებრივი აირის შესყიდვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

BMG-იმ ამ საკითხზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას კითხვით უკვე მიმართა.

სავარაუდოდ, საუბარია მოსახლეობისთვის განკუთვნილ სოციალურ გაზზე, რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2013 წლიდან საკუთარი ხარჯით ასუბსიდირებს. შესაძლოა საბიუჯეტო რესურსი სწორედ ამ სუბსიდირებაზე დაიხარჯოს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სახელმწიფოს კუთვნილ კორპორაციას ბუნებრივი აირის ფასდაკლებით რეალიზაცია 202 მილიონი ლარი დაუჯდა. 2021 წელს ამ ფასდაკლების ღირებულება კომპანიისთვის 302 მილიონი ლარის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა. 2022 წელს კი ამ მიმართულებით ხარჯი 220 მილიონი ლარია. შესაბამისად, სულ რაღაც 3 წელიწადში კორპორაციამ გაზის სუბსიდიის გამო 700 მილიონი ლარის შემოსავალი ვერ მიიღო.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც შაჰ-დენიზის კონსორციუმთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული შეთანხმებებით, ქვეყანაში ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია. კომპანიის საკუთრებაშია ასევე მაგისტრალური გაზსადენების სისტემაც. 2021 წელს კორპორაციამ 137.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, რომ არა გაზის ტარიფის სუბსიდია, მისი წმინდა მოგება გაცილებით მაღალი - 439.7 მილიონი ლარი იქნებოდა. GOGC-ის გაზრდილი მოგება ახალი ენერგეტიკული პროექტის დაფინანსებაზე ან ბიუჯეტში მის დივიდენდად მიმართვაზე შეიძლება დახარჯულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიის მიუღებელი შემოსავალი გაზის ტარიფის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას მოხმარდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კორპორაციის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

● ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 647 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 62 მლნ ლარი; რომ არა სუბსიდია ეს თანხა 302 მლნ-ით მეტი იქნებოდა.
● ელექტროენერგიის რეალიზაცია - 370 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 37 მლნ ლარი;
● ბუნებრივი აირის მილსადენების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 44.5 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 1.5 მლნ;
● ბაქო-სუფსას მილსანდების ოპერირების საკომისიო შემოსავალი - 27.5 მლნ ლარი, მატება 1 მლნ;
● ნედლი ნავთობის რეალიზაციოა - 25 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 16 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები